კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია

კოპალაძე: მარეგულირებელ კომისიასთან კაუკასუს ონლაინი არ შეთანხმებულა

კაუკასუს ონლაინის მმართველი დირექტორი, რევაზ კოპალაძე ამბობს, რომ მისი კომპანია არ ყოფილა იმ შეთანხმების ნაწილი, რომელიც ტელეკომუნიკაციების სფეროს წარმომადგენლებსა და კომუნიკაციების კომისიას შორის დაიდო. 

რევაზ კოპალაძის თქმით, კომპანია იმ ცვლილებებს, რაც კანონპროექტში შევიდა, კონსენსუსად ვერ აღიქვამს. 

კომუნიკაციების კომისიისა და მთავრობის ერთობლივი კანონპროექტის მიხედვით, მარეგულირებელს შეუძლია ტელეკომუნიკაციების სფეროში მოქმედ კომპანიებში დროებითი სპეციალური მმართველი დანიშნოს, რომელსაც განუსაზღვრელი ძალაუფლება ექნება.

კანონპროექტის თავდაპირველი რედაქციით, სპეციალურ მმართველს კომპანიის წილების გასხვისების საშუალებაც ექნებოდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც სექტორის წარმომადგენლებმა ინიციატივა მკაცრად გააკრიტიკეს და კომისიასთან რამდენიმე შეხვედრა გამართეს, ახალი რედაქციით, სპეცმმართველს ეს უფლებამოსილება აღარ მიენიჭება. 

"კაუკასუსი არ არის ამ კომპრომისის ნაწილი, ჩვენ არ მიგვიღია დღეს ამ შეთანხმებაში მონაწილეობა და ორი სიტყვით გიპასუხებთ ამ კერძო საკუთრებასთან დაკავშირებით.

მიუხედავად იმისა, რომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ ორი წლის თავზე დროებითი მმართველის შემოყვანის შემდეგ დროებით მმართველს არ შეუძლია გაყიდოს აქციები და კომპანიის აქტივები, უკიდეგანოდ გაიზარდა სპეციალური მმართველის კომპანიაში ყოფნის დრო და პრაქტიკულად ჩემი ხედვით გამოდის ის, რომ თავიდანვე სპეციალური მმართველის მოსვლის დღიდან მოდის არა მმართველი, არამედ კომპანიის მესაკუთრე, იმიტომ, რომ ის უფლებამოსილება, რაც ამ მმართველს ექნება, შეიძლება არ ჰქონდეს არც ცალკე აღებულ დირექტორს, არც დირექტორთა საბჭოს და ა. შ. ეს ადამიანი განკარგავს აბსოლუტურად მთელ ქონებას, მის ოპერაციებს და ა.შ. 

მე, პირადად, ამ ადამიანს აღვიქვამ, როგორც მესაკუთრეს". – თქვა რევაზ კოპალაძემ დარგობრივი ეკონომიკის საპარლამენტო კომიტეტზე. 

მარეგულირებელ კომისიას არ უარუყვია, რომ საკანონმდებლო ინიციატივა სწორედ კაუკასუს ონლაინთან არსებული დავის გამო მიიღეს. 

დავისა და კანონპროექტის საფრთხეების შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ. 

კომენტარები