ზურაბ ჭიაბერაშვილი

ჭიაბერაშვილი: შიმშილი N1 პრობლემაა, ხუნდაძე ამბობს, რესტორანი ღია არ იყო, სნიკერსზე ვიყავიო

facebook/zurab tchiaberashvili

"საზოგადოებას, რომელშიც შიმშილი ნომერ პირველი პრობლემაა, ეუბნება, რესტორნები არ იყო ღია და მარტო სნიკერსზე ვიყავიო". – გამოეხმაურა ევროპული საქართველოს წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძეს.  

ზურაბ ჭიაბერაშვილმა დიმიტრი ხუნდაძეს ჰკითხა, თუ რატომ დაარღვია კანონი, როდესაც ჯანდაცვის კომიტეტის წევრების წერილს არ უპასუხა. ჭიაბერაშვილის თქმით, როდესაც კორონავირუსთან ბრძოლის სამთავრობო კომისიის ფარგლებში პრემიერმა გახარიამ მათ ჰოსპიტალური სექტორის შემოწმება დაავალა, ჯანდაცვის კომიტეტის რამდენიმე წევრმა ხუნდაძეს წერილი მისწერა და ჰკითხა, თუ როგორ მზაობაშია ჰოსპიტალური სექტორი და როგორი მზაობა არის სისტემაში. ჭიაბერაშვილის თქმით, წერილში ასევე ინტერესდებოდნენ კრიტერიუმებით, რომლითაც საავადმყოფოებს ამოწმებდნენ. 

"თქვენ განაცხადეთ, რომ შეგნებულად არ გაგვეცით პასუხი ამ წერილზე. ეს ახსენით იმით, რომ კომიტეტის წევრებს შორის რა საჭიროა წერილების მიმოწერაო. უბრალოდ, ის არ დაგიყოლებიათ ბატონი გახარიასავით, "ქართულ-ჯიგრულ პონტში" რა საჭიროა ეს მიმოწერაო". – თქვა ჭიაბერაშვილმა. 

დიმიტრი ხუნდაძემ ჭიაბერაშვილს უპასუხა, რომ კანონი დაარღვია, რადგან როდესაც კლინიკებს ამოწმებდა, "რამდენიმე დღე სახლამდეც ვერ მივდიოდით. არ ვიცი, წუწუნში არ ჩამითვლით, მაგრამ კვების ობიექტებიც არ მუშაობდა და მე, ჩემი კოლეგები და მძღოლი ვიფარგლებოდით სნიკერსით, რომ ჩვენი საქმე გვეკეთებინა და რაღაც ენერგია გვქონოდა მაინც."

"ამ დროს მწერენ, მითხარით ერთი, რა ინსტრუმენტებით ამოწმებთ ამ კლინიკებსო. ეს რას ჰგავდა, იცით? უცბად მე ასეთი აღქმა გამიჩნდა, რომ როცა ადამიანი ებრძვი მტერს და ამ დროს შენი მეზობელი გწერს, ერთი მითხარი, რა, ეს რა იარაღი გიჭირავს, რითი ესვრიო – ამ დროს უნდა მობრუნდე და წერილის წერა დაიწყო". – უპასუხა ხუნდაძემ ჭიაბერაშვილს. 

ხუნდაძე ასევე ამბობს, რომ კანონი დაარღვია, მაგრამ დაიცვა "მორალური კანონი", რადგან, მისივე სიტყვებით, არ გამოააშკარავა ექიმები, რომლებიც კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე იყვნენ. 

ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, ოქტომბერში ამომრჩეველი შეაფასებს, თუ რამდენად სწორია, როდესაც დეპუტატი პარლამენტის ტრიბუნიდან ამბობს, რომ კანონი დაარღვია და "თან კეკლუცობს ამით." 

"და რამდენად გამართლებულია ის, რომ საზოგადოებას, რომელშიც შიმშილი ნომერ პირველი პრობლემაა, ეუბნება, რესტორნები არ იყო ღია და მარტო სნიკერსზე ვიყავიო.   

საკითხის არსი არის შემდეგი, რომ თქვენი მოვალეობაა, ბატონო დიმიტრი, ის, რაც ნახეთ ქვეყნის მასშტაბით, წერილობით დაწეროთ და არა მარტო ან სამთავრობო კომისიას, ან ჯანდაცვის კომიტეტს, არამედ მოქალაქეებს აუხსნათ, დადოთ მაგიდაზე, სად რა პრობლემა ნახეთ და როგორ გამოასწორეთ – ეს თქვენი მოვალეობაა". – მიმართა ხუნდაძეს ჭიაბერაშვილმა. 

კომენტარები