2008 წლის ომი

კახაძე ოპოზიციაზე: 2008 წელს აქ მხარდამჭერი რუსებს ჰყავდათ, დღეს ვირუსს ჰყავს მხარდამჭერი

პარლამენტი

ქართული ოცნების წევრმა, ჯანდაცვის კომიტეტის მოადგილემ, ლადო კახაძემ თქვა, რომ 2008 წელს ომი რუსეთმა დაიწყო, თუმცა, საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება რუსეთის მოკავშირე იყო.

კომიტეტის სხდომაზე, სადაც საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეზღუდვების 15 ივლისიდან 1 იანვრამდე გახანგრძლივებას მხარი დაუჭირეს, კახაძემ კორონავირუსი და რუსეთი დააკავშირა და განაცხადა, რომ ახლა ყოფილი ხელისუფლება ვირუსის მოკავშირეა.

"დაახლოებით ასჯერ განმეორდა სიტყვა არაკონსტიტუციური კანონი. ერთი სიტყვით გავაბათილებ ამას ჩემი მოსახლეობისათვის. ეს არის ჯანდაცვის კომიტეტის ინიციატივა, კანონს ჰქვია პრევენციული კანონი. რომელმაც, ამ ღონისძიებების ერთობლიობამ და პრევენციის სწორად ორიენტირებამ, სამედიცინო ჭკუის პრიმატის განსაზღვრებამ, ხელისუფლების შტოების ვერტიკალსა და ჰოროზინტალზე ბმამ გაგვიყვანა იმ შედეგზე, რითაც ვამაყობთ და იამაყებს ყველა მომდევნო, ვინც ამას მაგალითად მოიყვანს.

ვერ ვამაყობ ომით. ომი საქართველომ დაიწყოო, არავის უთქვამს. საქართველოს ომი ისტორიულად არასდროს არსად არ დაუწყია. სულ თავდაცვის რეჟიმში იყო. მაგრამ, საქართველოს იმდროინდელ ხელისუფალს მე და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ბრალს სდებს, რომ კი, ომი დაიწყო რუსეთმა 7-ში და რუსეთის მიერ ომის დაწყებას ჩვენ ვგებულობთ 9-ში. 9-მდე ქვეყნის ხელისუფალი არ ამბობს, რომ რუსეთთან ომში ვართ. ეს უარესი. მოსახლეობა არ გამოჰყავს იმ ტერიტორიებიდან და ჩვენს ჯარისკაცებს წაგებულ საინფორმაციო ომში უშვებს სასიკვდილოდ.

რუსები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დამრღვეველნი, ჩვენ მიმართ ომის გამომცხადებელი, ომში ჩაბმულები, ტერიტორიის შემლახავი, მაგრამ მხარდამჭერი აქ ყავდათ რუსებს. და დღესაც ვირუსს მხარდამჭერი აქ ყავს, ჩემდა სამწუხაროდ". – თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა.

კახაძეს განცხადება ევროპული საქართველოს წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა რეპლიკით გააწყვეტინა:

"რუსებს გამოადგებით ჰააგაში ძალიან, ბატონო ლადო, რომ იცოდეთ. ამ თქვენს განცხადებას რუსები ჰააგაში კარგად გამოიყენებენ". – თქვა მან.

კანონი, რომელსაც ჯანდაცვის კომიტეტზე მხარი დაუჭირეს, ითვალისწინებს საკარანტინო ღონისძიებების ახლებურად განსაზღვრებას და მოიცავს ისეთ ღონისძიებებსაც, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან.

მაისში კანონპროექტი პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა, მიზეზად კი ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხე დაასახელა. 22 მაისს პრეზიდენტმა მას ხელი მოაწერა. თავდაპირველად კანონპროექტის მოქმედების ვადა 15 ივლისამდე განისაზღვრა, თუმცა, ახლა ხელისუფლებას მისი 1 იანვრამდე გაგრძელება სურს.

ოპოზიცია, სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ კანონპროექტი არაკონსტიტუციურია, ამასთან, ზრდის მთავრობის მიერ უფლებების არაპროპორციულად შეზღუდვის რისკებს და გათვალისწინებული ჯარიმები და სისხლისსამართლებრივი პასუხიმგებლობის ზომები არაპროპორციული, რეპრესიული და ადამიანის უფლებებისთვის საფრთხის შემცველია.

კომენტარები