კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია

ჯოხთაბერიძე: მარეგულირებელში გვითხრეს, ეს კანონი გადის, ჩვენ აზრზე არ ვართ, იქ რა წერიაო

კომპანია მაგთის უმსხვილესმა აქციონერმა, გია ჯოხთაბერიძემ თქვა, რომ კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ მათთან შეხვედრაზე საკუთარ საკანონმდებლო ინიციატივაზე თქვეს, რომ მთავრობას უნდა ამის მიღება და თავად "აზრზე არ არიან" შიგნით რა წერია. 

ამის შესახებ გია ჯოხთაბერიძემ პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტზე ისაუბრა, სადაც ტელეკომუნიკაციების სფეროსა და მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენლები დეპუტატებთან ერთად განიხილავდნენ ახალ საკანონმდებლო ინიციატივას. 

"თქვენ ბრძანეთ იმის შესახებ, რომ განხილული გქონდათ ეგ საკითხი [ჩვენთან, ბიზნესთან]. საჯარო იურიდიული პასუხისმგებლობის პირი ხართ და თქვენს სიტყვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამას გაფრთხილებთ წინასწარ. თქვენი სიტყვის დასაწყისში ბრძანეთ იმის შესახებ, რომ ავტორიზებულ ოპერატორებთან გავიარეთო. როგორ გაიარეთ, როდესაც ჩვენ ჩართული გვაქვს, ყველა შეხვედრას ვიწერთ თავიდან ბოლომდე. ცხოვრებაში არ მიკადრებია პრივატული საუბარი. ვიწერთ თავიდან ბოლომდე. თქვენ არ ესწრებოდით იმას [შეხვედრას], იქ გვითხრეს, რომ ამისთანა კანონი გადის, ჩვენ აზრზე არა ვართ, შიგნით რა წერია კანონში, მთავრობამ რაღაც მიიღო და ვერ მოგართვით ვერაფერი, ასეთია სიტუაცია.

ეს იყო 1-ლში. ველოდებოდით მერე, რომ სერიოზულ ხალხთან გვაქვს ურთიერთობა, რაღაცას მოგვაწვდიან, 6-ში აღმოვაჩინეთ, რომ კანონპროექტი შემოვიდა.

არსი არის ის, რომ ნაჩქარევად გავაპაროთ კანონი ამოფარებული მტრის წინააღმდეგ, რომ იმან რამე არ გაბედოს. ამით გინდათ გაატაროთ ეს კანონი. ეგრე არაა, რა. ეს კანონი უფრო მნიშვნელოვანი". – თქვა გია ჯოხთაბერიძემ. 

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა, მოიცავს ცვლილებებს კანონებში, როგორც მაუწყებლობის, ისე ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ. ამ ინიციატივის მიხედვით, კომისიას მიენიჭება უფლება, ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში ტელეკომუნიკაციების სფეროში მომუშავე კომპანიებში წარადგინოს სპეციალური მმართველი, რომელსაც განუსაზღვრელი ძალაუფლება ექნება.

კიდევ ერთი ცვლილების მიხედვით, მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილების კომპანიის მიერ სასამართლოში გასაჩივრება აღარ გამოიწვევს აღსრულების შეჩერებას საქმის დასრულებამდე, როგორც ეს მანამდე ადმინისტრაციული კოდექსით იყო გათვალისწინებული.

კანონპროექტზე ვრცლად წაიკითხეთ აქ:

კომენტარები