აშშ-ჩინეთი

აშშ-ს კონგრესმა ჰონგ-კონგის უშიშროების კანონის გამო ჩინეთს ახალი სანქციები დაუწესა

Bill Koplitz / FEMA Photo Library

აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ჰონგ-კონგში უშიშროების კანონის მიღების გამო ახალი სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა.

სანქციებს ამერიკელმა კანონმდებლებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს. ძალაში შესვლამდე ის სენატმაც უნდა დაამტკიცოს და პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწეროს. მოსალოდნელია, რომ სანქციებს სენატშიც დაუჭერენ მხარს.

ახალი ზომების მიხედვით სანქციები დაუწესდებათ იმ ბანკებს, რომლებიც ჩინეთის ხელისუფლების იმ წარმომადგენლებთან თანამშრომლობენ, რომლებიც ჰონგ-კონგში პროდემოკრატიული აქციების ჩახშობაში არიან ჩართული.

უშიშროების ახალი კანონის პასუხად დიდი ბრიტანეთი ჰონგ-კონგელებს ცხოვრების უფლების, შემდეგ კი მოქალაქეობის მიღების გამარტივებას დაჰპირდა. ჩინეთი დაიმუქრა, რომ საპასუხო ზომებს მიიღებს ამის დასაბლოკად.

გარდა სანქციებისა, აშშ-ს უკვე დაწყებული აქვს ჰონგ-კონგისთვის სპეციალური სტატუსის გაუქმების პროცესი.

ახალი კანონებით, სეცესიის, მთავრობის დამხობის მცდელობა, ტერორიზმის ან საგარეო ძალებთან შეთქმულება სულ მცირე 3-წლიანი, სერიოზულ შემთხვევებში კი – სამუდამო პატიმრობით დაისჯება. ცეცხლის წაკიდება და საზოგადოებივი ტრანსპორტის დაზიანება იმ განზრახვით, რომ ჰონგ-კონგის მთავრობა, ან ჩინეთის კომუნისტური მთავრობა პოლიტიკური მიზეზებით დააშინო, კანონით ტერორიზმის აქტად ჩაითვლება.

კანონის დამრღვევებს საჯარო სამსახურებში მუშაობა აეკრძალებათ. პეკინი ჰონგ-კონგში გახსნის უშიშროების ოფისს, სადაც საკუთარი სამართალდამცავები ეყოლება. ჰონგ-კონგის მმართველი შეძლებს, ეროვნული უსაფრთხოების საქმეებზე დანიშნოს მოსამართლეები, იუსტიციის მინისტრი გადაწყვეტს, უნდა იყვნენ თუ არა ნაფიცი მსაჯულები. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივი გასაჩივრება შეუძლებელი გახდება. ეროვნული უსაფრთხოების ოფისები შეაგროვებენ და გააანალიზებენ ინფორმაციას და ზედამხედველობას გაუწევენ ჰონგ-კონგის პოლიციას.

გეგმის მიხედვით, ჰონგ-კონგის მთავრობამ უნდა შექმნას ეროვნული უშიშროების კომისიაც, რომელსაც მთავრობის ლიდერი, კერი ლამი უხელმძღვანელებს. კომისიაში ჩინეთის მთავრობა მრჩეველს დანიშნავს.

ჩინეთი ირწმუნება, რომ ახალი კანონები წინააღმდეგობაში არ მოდის "ერთი ქვეყანა - ორი სისტემის" პრინციპებთან და ის ქალაქში სტაბილურობის დამყარებას შეუწყობს ხელს. კონტინენტურ ჩინეთში ეროვნული უსაფრთხოების კანონებს აქტივისტების, ადამიანის უფლებათა დამცველების, ადვოკატებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ იყენებენ.

კანონის მიღების შემდეგ მის საფუძველზე უკვე დააკავეს 10 ადამიანი. პირველ ივლისს გამართულ აქციაზე სულ 360-მდე მომიტინგე დააკავეს.

უშიშროების ახალი კანონებისა და ჰონგ-კონგში მიმდინარე მოვლენების შესახებ შეგიძლიათ, ვრცლად წაიკითხოთ აქ.

კომენტარები