საარჩევნო შეთანხმება

მდინარაძე: გერმანიის ელჩის განცხადებამ საბოლოო წერტილი დაუსვა ოპოზიციის მანიპულაციებს

პარლამენტი

ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ გერმანიის ელჩის მიერ დღეს გაკეთებულმა განცხადებამ საბოლოოდ დაუსვა წერტილი ოპოზიციის მანიპულაციებს.

"დღევანდელი განცხადებით, რომელიც გააკეთა გერმანიის ელჩმა, საბოლოოდ დაესვა იმ ტყუილს და მანიპულაციებს წერტილი, რომლებსაც ახორციელებდა ბოკერიას პარტია და მიხეილ სააკაშვილი". – თქვა მამუკა მდინარაძემ.

დღეს გერმანიის ელჩმა ჰერბერტ კნირშმა თქვა, რომ გიორგი რურუა 8 მარტის შეთანხმების ნაწილი არ არის და გაკვირვებულია, რომ ეს საკითხი განხილვის საგანი გახდა.

8 მარტის შეთანხმება აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის ხელმოწერილი დოკუმენტია, რომელიც ორნაწილიანია და გულისხმობს, როგორც არჩევნების პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოებული სისტემით ჩატარებას, ისე პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. ხელისუფლება პოლიტიკური პატიმრების ნაწილს არ აღიარებს და, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა 15 მაისს უკვე შეიწყალა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი, გიორგი რურუა კვლავ საპყრობილეში რჩება. მთავარი არხის მეწილეს, რომელიც მოძრაობა სირცხვილიას ფინანსურად ეხმარებოდა, გამოძიება იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება. თავად რურუა ბრალს არ აღიარებს.

ის, რომ გიორგი რურუას გათავისუფლება საარჩევნო შეთანხმების ნაწილია, არაერთხელ დაადასტურეს საქართველოს სხვა დასავლელმა პარტნიორებმა.

საკონსტიტუციო ცვლილებები II მოსმენით მიღებულია, მესამე, საბოლოო მოსმენა 29 ივნისს, 12:00 საათზე არის დაგეგმილი. იმავე დღეს, 11:00 საათზე დანიშნულია გიორგი რურუას სასამართლო პროცესი, სადაც დაცვის მხარე კიდევ ერთხელ დააყენებს მისი გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობას.

I მოსმენისას მმართველ გუნდთან და დამოუკიდებელ დეპუტატებთან ერთად, კანონპროექტს მხარი ევროპულმა საქართველომაც დაუჭირა. II მოსმენის დროს მან ბოიკოტი გამოაცხადა. ენმ-ს არც ერთ კენჭისყრაში არ მიუღია მონაწილეობა.

ევროპული საქართველო, ისევე, როგორც ნაციონალური მოძრაობა, მიიჩნევს, რომ, ვინაიდან შეთანხმება ორნაწილიანია, ცვლილებების მხარდასაჭერად რურუას გათავისუფლებაა აუცილებელი.

კომენტარები