საკონსტიტუციო სასამართლო

კახიძე: მერაბ ტურავა კორუფციის და მექრთამეობის დამცველი და აპოლოგეტი იყო

ტაბულა

ევროპული საქართველოს წევრი, ოთარ კახიძე მერაბ ტურავას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ დანიშვნას ეხმაურება. კახიძის თქმით, ტურავა მექრთამეობისა და კორუფციის დამცველი იყო მოსამართლეობისას.

"მერაბ ტურავა ის მოსამართლეა, რომელიც კორუფციის მამხილებელი ჟურნალისტების დასჯას ითხოვდა, მოგეხსენებათ 60 წუთის ჟურნალისტების, რომლებიც იძიებდნენ იმ სისტემურ პრობლემას, რასაც მექრთამეობა ერქვა პირდაპირ მართლმსაჯულების სისტემაში და ამის დამცველი და აპოლოგეტი იყო - კორუფციის და მექრთამეობის. ამის სახე იყო მერაბ ტურავა და მისი დანიშვნა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ ამას განასახიერებს". – ამბობს ოთარ კახიძე.

დღეს, 25 ივნისს, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ პლენუმმა მერაბ ტურავა აირჩია. ის თავმჯდომარე მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში იქნება. 

მერაბ ტურავას პლენუმის ცხრა წევრიდან ხუთმა დაუჭირა მხარი. მეორე კანდიდატად ირინა იმერლიშვილი იყო დასახელებული, მან ოთხი ხმა მიიღო. 

საკონსტიტუციო სასამართლოს წინა თავმჯდომარეს, ზაზა თავაძეს, უფლებამოსილება 2020 წლის 15 ივნისს ამოეწურა. ტურავა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად საქართველოს პარლამენტმა 2015 წლის 20 მარტს აირჩია.

მერაბ ტურავას სახელს საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოებული უკავშირდება არაერთი გახმაურებული საქმე, როგორიცაა, მაგალითად, რუსთავი 2-ის და ე.წ კაბელებისა და გიგი უგულავას საქმეები, რომლებსაც ვრცლად შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

კომენტარები