პაკისტანი

პაკისტანის ავიაციის სამინისტრო: ქვეყანაში პილოტების 30%-ზე მეტს ყალბი ლიცენზია აქვს

CNN

პაკისტანის ავიაციის სამინისტროს განცხადების მიხედვით ქვეყანაში პილოტების 30%-ზე მეტს ყალბი ლიცენზია აქვს და მათ თვითმფრინავის სამართავად შესაბამისი კვალიფიკაცია არ გააჩნიათ.

მათ ინფორმაციით, 262 პილოტს გამოცდები თავად არ ჩაუბარებია და ამისათვის ფული სხვებს გადაუხადეს.

სულ ქვეყანაში 860 მოქმედი პილოტია. პაკისტანის საერთაშორისო ავიახაზებმა უკვე გაათავისუფლა ის პილოტები, რომელთაც ყალბი ლიცენზიები აღმოაჩნდათ, თუმცა ყალბი მოწმობის მქონე პილოტები უცხოეთის ავიახაზებშიც მუშაობენ.

გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც 22 მაისს ქალაქ კარაჩიში თვითმფრინავი ჩამოვარდა და 97 ადამიანი დაიღუპა. სამინისტროში არ დაუკონკრეტებიათ, ჰქონდათ თუ არა მათ ყალბი მოწმობები.

ანგარიშის მიხედვით პილოტები ერთმანეთს კორონავირუსის შესახებ ესაუბრებოდნენ და ყურადღება არ მიაქციეს საჰაერო მოძრაობის მარეგულირებლების გაფრთხილებებს.

"პილოტები კორონავირუსს განიხილავდნენ. ისინი ყურადღებით არ იყვნენ. ისინი საუბრობდნენ კორონავირუსზე, როგორ შეეხო ეს მათ ოჯახებს", - ნათქვამია ანგარიშში. ისინი სამჯერ გააფრთხილეს, რომ თვითმფრინავი ძალიან მაღლა მიფრინავდა და დაჯდომა არ უნდა ეცადათ. საბოლოოდ მათ დაჯდომა დასაფრენი ბორბლების გაუშლელად სცადეს, რამაც ძრავების დაზიანება გამოიწვია და თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლებს დაეჯახა.

კომენტარები