გერმანია

ჰამბურგში მომიტინგეებმა ოტო ფონ ბისმარკის ძეგლი წითელი საღებავით შეღებეს

ოტო ფონ ბისმარკის შეღებილი ძეგლი.

ჰამბურგში მომიტინგეებმა ოტო ფონ ბისმარკის ძეგლი წითელი საღებავით შეღებეს.

პროტესტის მონაწილეების მხრიდან გერმანიის იმპერიის დამაარსებლის ძეგლის შეღებვა, სავარაუდოდ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ ანტირასისტული აქციების გამოძახილია, რომლებიც ამერიკელი შავკანიანის, ჯორჯ ფლოიდის, მკვლელობამ გამოიწვია.

გამართულ აქციებს თან ახლავს ძეგლების ჩამოგდება ან მათთვის წარწერების გაკეთება, რომ ეს ადამიანი რასისტი იყო.

მაგალითისთვის, მომიტინგეებმა დიდ ბრიტანეთში ჩამოაგდეს ედვარდ კოლსტონის ძეგლი, ოქსფორდის უნივერსიტეტში კი სესილ როდსის ძეგლის აღებას ითხოვენ. ლონდონში უინსტონ ჩერჩილის ძეგლს გაუკეთეს წარწერა "ის რასისტი იყო". ქანდაკებების აღების მოთხოვნით გამოდიან აშშ-შიც. 

აშშ-ის ვირჯინიის შტატის ქალაქ რიჩმონდში აშშ-ის სამოქალაქო ომში კონფედერაციული შტატების გენერლის, რობერტ ლის ძეგლის მოხსნას მოითხოვდნენ, თუმცა მოსამართლემ ძეგლის აღება დაბლოკა. რიჩმონდში მომიტინგეებმა ბირდის პარკში მდგარი ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლი ჩამოაგდეს, ცეცხლი წაუკიდეს და შემდეგ ტბაში ჩააგდეს.

აშშ-ში ასევე ითხოვენ სახელების შეცვლას იმ სამხედრო ბაზებისათვის, რომლებსაც კონფედერაციული შტატების გენერლების სახელები ჰქვია. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მისი ადმინისტრაცია ამას არც კი განიხილავს.

კომენტარები