კორონავირუსი საქართველოში

Stop Covid აპლიკაციით, რომელშიც 412 116 ლარი დაიხარჯა, 10 ინფიცირებული გამოვლინდა

ჯანდაცვის სამინისტრო

Stop Covid აპლიკაციით, რომელშიც 412 116 ლარი დაიხარჯა, 10 ინფიცირებული გამოვლინდა, მათგან ბოლო შემთხვევა – 7 ივნისს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აპლიკაცია სულ 203 684-მა ადამიანმა გადმოწერა. მისი გამოყენება 16 აპრილიდან არის შესაძლებელი.

აპლიკაცია მომხმარებლებს შორის ინტერაქციის შესახებ ინფორმაციას, დაშიფრული სახით ორივე მომხმარებლის მობილურ ტელეფონში ინახავს და იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე პირს ვირუსი დაუდასტურდება, მის სარისკო კონტაქტებს აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ეგზავნებათ.

"თქვენ კონტაქტი გქონდათ COVID-19-ის მქონე პირთან, გთხოვთ მოექცეთ თვითიზოლაციაში და სასწრაფოდ დაუკავშირდეთ შესაბამის უწყებას". – ამ ტიპის შეტყობინებას იღებენ აპლიკაციის მეშვეობით ის პირები, რომლებსაც ინფიცირებულ პირთან კონტაქტი 15 წუთზე დიდხანს და 2 მეტრზე ნაკლები დისტანციის დაცვით ქონდათ.

აპლიკაციის გადმოსაწერად iOS-ის მომხმარებელმა App Store-ზე უნდა ჩაწერონ STOP COVID, ხოლო ანდროიდის მფლობელებს, მისი გადმოწერა Google Play-დან შეუძლიათ NOVID20-ის დასახელებით. დამატებით გადმოსაწერი ლინკები განთავსებულია ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე www.moh.gov.ge და ასევე მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე www.stopcov.ge.

აპლიკაციის გადმოწერა ანდროიდის მომხმარებლებისთვის ასევე შესაძლებელია ბმულიდან.

iOS ის მომხმარებლებს კი – ამ ბმულიდან.

16 ივნისის 17:00 საათის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსი სულ 879 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 724 გამოჯანმრთელდა, 14 – დაიღუპა.

კომენტარები