არჩევნები 2020

კახიანი: თუ თეორიულად შეიძლება არჩევნებმა ვირუსი გაავრცელოს, ხელისუფლებამ ეს არ უნდა დაუშვას

პარლამენტი

ქართული ოცნების დეპუტატი გიორგი კახიანი ამბობს, რომ თუ კორონავირუსის გავრცელების გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, მაშინ არჩევნების ჩატარების თარიღი გადავადდება.

კახიანი ირაკლი კობახიძეს ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ თუ კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღა არჩევნების წინა პერიოდს დაემთხვევა, არჩევნები "ჩატარდება, პირობითად, დეკემბერში."

"ჩვენ გამოვდივართ კონკრეტული მოცემულობიდან და ვხელმძღვანელობთ საზოგადოების ინტერესებით. თუ თეორიულად არჩევნები შესაძლოა გახდეს ვირუსის გავრცელების საფუძველი, ბუნებრივია, ეს ხელისუფლებამ არ უნდა დაუშვას. შესაძლებელია, აქედან გამომდინარე, საგანგებო მდგომარეობაც გამოცხადდეს. საგანგებო მდგომარეობის პირობებში კი არჩევნების ჩატარება კონსტიტუციით არ შეიძლება. თეორიულად, თუ ასეთი განვითარება იქნება, ეს ნიშნავს იმას, რომ შესაძლებელია, არჩევნები გადაიწიოს დეკემბრისთვის ან თუნდაც იანვრისთვის",- ამბობს გიორგი კახიანი. 

13 ივნისს, ტელეკომპანია იმედის ეთერში ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ თუ არჩევნების წინა პერიოდში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გაუარესდება, მთავრობა საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს, არჩევნები კი ჩატარდება "საგანგებო მდგომარეობის გაუქმებიდან არა უადრეს 45 და არა უგვიანეს 60" დღეში. მისივე თქმით, თუ ოქტომბერში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა ნოემბრის დასაწყისში გაუქმდება, არჩევნების ჩატარების თარიღი, "წესით, უწევს დეკემბრის ბოლოს".

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ არჩევნების გადავადებასთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის საუბრები, პოლიტიკური სპეკულაციაა. ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი კანდელაკი ამბობს, რომ ობიექტური საფუძველი არ არსებობს და აღნიშნავს, რომ რა დროს და რა სისტემითაც არ უნდა გაიმართოს არჩევნები, ქართული ოცნება დამარცხდება.

კომენტარები