ემზარ კვიციანი

ემზარ კვიციანმა პატრიოტთა ალიანსი დატოვა

ტაბულა

ემზარ კვიციანმა პატრიოტთა ალიანსის დატოვება გადაწყვიტა, რის შესახებაც დეპუტატმა ფეისბუქის გვერდზე დაწერა.

"ეს არ ნიშნავს, რომ მე რაიმე განაწყენებული მივდივარ, უბრალოდ არ მინდა ჩემი გეჟური გადაწყვეტილებებით ვავნო ჩემს მეგობრებს პატრიოტთა ალიანსის წევრებს!" – წერს დეპუტატი (სტილი დაცულია).

კვიციანის თქმით, ის ტოვებს როგორც პარტიას, ისე პატრიოტთა ალიანსის საპარლამენტო ფრაქციას.

"აღმოჩნდა, რომ მე სხვა გზა მაქვს, უფრო უტვინო, მაგრამ ჩემი! უფალმა მიმყოფოს ყველა პატრიოტი პატრიოტულად!დიდება ღმერთს!", – ვკითხულობთ პოსტის დასასრულს.

როგორც კვიციანი წერს, მას არ უნდა, საკუთარი "სარისკო ქმედებებით" ზიანი მიაყენოს მისთვის ძვირფას ადამიანებს და სურს, საპარლამენტო მანდატის დარჩენილი ოთხი თვის განმავლობაში "მაქსიმალურად დაიხარჯოს".

ემზარ კვიციანი საქართველოს პარლამენტის წევრი 2016 წელს გახდა პატრიოტთა ალიანსის სიით. იქამდე ის სახელმწიფო ამბოხის მოწყობისთვის იძებნებოდა, რის გამოც 2006-დან 2014 წლამდე რუსეთში იყო გაქცეული.

2014 წელს კვიციანი საქართველოში დაბრუნდა, 11 თვე საპატიმროში დაყო, რის შემდეგაც საპროცესო შეთანხმების შედეგად განთავისუფლდა.

კომენტარები