ახალი კორონავირუსი სომხეთში

სომხეთის პარლამენტარი: მადლობას ვუხდი ქართველ ხალხს ამ რთულ პერიოდში მხარდაჭერისთვის

facebook.com/lena.nazaryan

სომხურ-ქართული საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ლენა ნაზარიანი საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლაში მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. ამის შესახებ ნაზარიანი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. 

"ძვირფასო ქართველო პარტნიორებო, 

როგორც სომხურ-ქართული საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, მადლიერებას გამოვხატავ ჩემი კოლეგებისა და ქართველი ხალხის მიმართ, ამ რთულ პერიოდში მხარდაჭერისთვის. 

ჩვენმა ძვირფასმა სომეხმა და ქართველმა ხალხმა ათასწლეულების განმავლობაში უამრავ გამოწვევას გაუძლო და მე დარწმუნებული ვარ, ამ უხილავ მტერზე, კორონავირუსზე გამარჯვებასაც ერთად ვიზეიმებთ. 

დიდი მადლობა!" - წერს ნაზარიანი. 

ბოლო რამდენიმე კვირაა, სომხეთში ახალი კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა საგრძნობლად იმატა. ინფიცირებულების რაოდენობამ 11 800-ს გადააჭარბა. დაღუპულია 183 ადამიანი. 

სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ქვეყანას დღესდღეობით კოვიდ ინფიცირებული პირები ჰყავს, რომელთა ჰოსპიტალიზებაც ვერ ხერხდება, რადგან საავადმყოფოები ადგილების უქონლობის გამო ახალ პაციენტებს ვეღარ იღებენ.

სოციალურ ქსელში პეტიცია შეიქმნა, სადაც საქართველოს მოქალაქეები მეზობელი  სომხეთისთვის პაციენტების საქართველოში მკურნალობის შეთავაზებას ითხოვენ.

საქართველოს ხელისუფლებას, სომხეთისთვის კორონავირუსთან ბრძოლაში დახმარების მოთხოვნით, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებიც მიმართავენ. 

ერთობლივ განცხადებაში NGO-ები მიუთითებენ, რომ არსებითია, ეს დახმარება დროულად და სომხეთის საჭიროებების მიხედვით სათანადოდ განხორციელდეს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის, თქმით კი, თუ სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამ თხოვნით მიმართავს საქართველოს, NCDC მზად არის, კომპეტენციის ფარგლებში დაეხმაროს სომხეთს.

კომენტარები