აშშ-ჩინეთი

პომპეო: ჰონგ-კონგი ჩინეთისგან ავტონომიური აღარ არის

მაიკ პომპეო
Reuters

27 მაისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, კონგრესს აცნობა, რომ ჰონგ-კონგი ჩინეთისგან ავტონომიური აღარ არის. მისი განაცხადებით, ჰონგ-კონგი აშშ-ის კანონებით გათვალისწინებული სპეციალური სტატუსის გარანტიით აღარ უნდა სარგებლობდეს.

ეს განცხადება პომპეომ პეკინის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე რამდენიმე საათით ადრე გაავრცელა.

"დღეს ვერცერთი გონიერი ადამიანი იტყვის, რომ ჰონგ-კონგი ჩინეთისგან ავტონომიის მაღალ ხარისხს ინარჩუნებს," - წერს სახელმწიფო მდივანი.

მისი განცხადებით, ჰონგ-კონგის ახალი ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტი ერთერთი უკანასკნელია მთელი რიგი ქმედებებიდან, რაც "ჰონგ-კონგის ავტონომიასა და თავისუფლებას ფუნდამენტურად ძირს უთხრის".

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჰონგ-კონგელ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადა.

ახლა პრეზიდენტმა ტრამპმა უნდა გადაწყვიტოს, აშშ-მა ჰონგ-კონგს ეკონომიკური პრივილეგიები სრულიად ან მათი ნაწილი უნდა შეუჩეროს თუ არა. 

აღსანიშნავია, რომ კანონების ამოქმედების შემთხვევაში, ჰონგ-კონგის სპეციალური სტატუსის გადახედვას ტაივანიც აპირებს. ამჟამად მოქმედი სპეციალური სტატუსით, ჰონგ-კონგელებისთვის ტაივანში ვიზიტი და ინივესტირება ბევრად მარტივია, ვიდრე კონტინენტურ ჩინეთში მცხოვრები პირებისთვის. ტაივანის ერთერთმა ოფიციალურმა პირმა ანონიმურად განაცხადა, რომ ყველაზე ცუდი სცენარის შემთხვევაში, ტაივანში ჰონგ-კონგელ ვიზიტორებსა და ინვესტორებს ისეთ პირობებს შეუქმნიან, როგორიც ჩინელებს აქვთ.

გასული წლის დეკემბერში ტრამპმა ხელი მოაწერა ჰონგ-კონგის ადამიანთა უფლებებისა და დემოკრატიის კანონს.

კანონი საშუალებას იძლევა, ყოველწლიურად შემოწმდეს, თუ რამდენად შეესაბამება ჰონგ-კონგის ავტონომია აშშ-სთვის მის სპეციალურ სტატუსს. კანონით, შეერთებული შტატები პერიოდულად განიხილავს, არის თუ არა ჰონგ-კონგი საკმარისად ავტონომიური იმისთვის, რომ ვაშინგტონს მასთან სპეციალური ეკონომიკური ურთიერთობა კვლავ ჰქონდეს. სეპციალური ეკონომიკური სტატუსი ჰონგ-კონგს მსოფლიო ფინანსური სტატუსის შენარჩუნებაში დაეხმარა.

აღნიშნული კანონით აშშ-ს შეუძლია ჰონგ-კონგისა და კონტინენტური ჩინეთის იმ წარმომადგენლებზე, რომლებიც ჰონგ-კონგში ძირითად თავისუფლებებს ზღუდავენ, შეზღუდვები დაუწესოს - მათი ანგარიშები გაყინოს, აშშ-ში შესვლა აუკრძალოს და სხვა.

ამჟამად, ტრამპის ადმინისტრაცია ჰონგ-კონგის ავტონომიის შემზღუდავი კანონების გამო ჩინელი მაღალჩინოსნებისთვის სანქციების დაწესებას განიხილავს.

ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციები მიმდინარე თვეს განახლდა, რისი მთავარი მიზეზი ჩინეთის განზრახვაა, მიიღოს ახალი კანონები ჰონგ-კონგში.

ჩინეთის პარლამენტის სპიკერმა განაცხადა, რომ ჩინეთი ჰონგ-კონგის "ერთი ქვეყანა, ორი სისტემის" "გაუმჯობესებას" გეგმავს. კანონპროექტების დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კანონების მიღების შემთხვევაში ჩინეთისგან ჰონგ-კონგის სეცესია სისხლის სამართლის დანაშაული იქნება. ასევე, დანაშაული იქნება ჰონგ-კონგის საშინაო საქმეებში ნებისმიერი საგარეო ძალის ჩარევა, ტერორიზმი და ყველა ქმედება, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების დამხობისკენ იქნება მიმართული.

ახალი კანონებით, შესაძლოა, პეკინმა ჰონგ-კონგში კონტინენტური ჩინეთის სადაზვერვო სააგენტოები განათავსოს, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩინელ მაღალჩინოსნებს ჰონგ-კონგში პირდაპირ შეეძლებათ კანონების აღსრულება. ჰონგ-კონგში ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად "საჭიროების შემთხვევაში, ცენტრალური სახალხო მთავრობის შესაბამისი ეროვნული უსაფრთხოების ორგანოები სააგენტოებს დააარსებს".

ამ ყველაფრით კი ჰონგ-კონგს, რომელსაც 1997 წლის "ერთი ქვეყანა, ორი სისტემის" შეთანხმებით, ავტონომია გარანტირებული უნდა ჰქონდეს, საფრთხე ემუქრება. ჩინეთის ეს ქმედება იქნება პასუხი გასულ წელს ჰონგ-კონგის მასშტაბურ პროდემოკრატიულ აქციებზე - ჰონგ-კონგის თავისუფლებისთვის და პეკინის გაზრდილი წნეხის საწინააღმდეგოდ.

24 მაისს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ იმ, უსაფრთხოების კანონპროეტების შესახებ განაცხადა, რომ ის ქალაქის მაღალი ხარისხის ავტონომიაზე, ჰონგ-კონგში მცხოვრებლების უფლებებსა და თავისუფლებებზე, ასევე ინვესტორთა ინტერესზე გავლენას არ იქონიებს. 

პეკინის საპირისპიროდ, დემოკრატიის მომხრე კანონმდებლები ამბობენ, რომ ეს "ჰონგ-კონგის სიკვდილი იქნება".

27 მაისს ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმმა მომიტინგეების დასაშლელად წიწაკის ტყვიები გამოიყენა. აქციის მიმდინარეობისას დაახლოებით 300 მომიტინგე დააკავეს. ჰონგ-კონგში ხელისუფლების სათავეში პეკინის მომხრე უმრავლესობაა.

კომენტარები