ესპანეთის პრემიერმინისტრის, პედრო სანჩესის, განცხადებით, ქვეყანა უცხოელი ტურისტებისთვის საზღვრებს ივლისიდან გახსნის.
"უცხოელ ტურისტებს უკვე შეუძლიათ, ჩვენს ქვეყანაში დაგეგმონ შვებულება", - თქვა ესპანეთის პრემიერმინისტრმა სატელევიზიო მიმართვაში.
მისი თქმით, გარანტირებული იქნება, რომ ტურისტებმა არც ჩამოიტანონ და არც ესპანეთში გადააწყდნენ რისკს.
გარდა ამისა, სანჩესმა ესპანელებს მოუწოდა, ადგილობრივი შვებულებების დაგეგმვა დაიწყონ.
8 ივნისიდან ესპანეთში საფეხბურთო ჩემპიონატიც ბრუნდება.
ამ დროისათვის, ახალმა კორონავირუსმა ესპანეთში 28 600-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, დაინფიცირებულთა მაჩვენებელმა კი 235 000-ს მიაღწია. შეზღუდვების შერბილებასთან ერთად, მცირდება სიკვდილიანობისა და ახლად დაინფიცირების მაჩვენებლებიც. იტალიასთან ერთად, სწორედ ესპანეთი იყო კონტინენტურ ევროპაში ვირუსის გავრცელების ეპიცენტრი.