აშშ-ჩინეთი

აშშ 9 ჩინურ ორგანიზაციას სინძიანგში ადამიანის უფლებების დარღვევისთვის სანქციებს დაუწესებს

ამერიკის შეერთებული შტატები 8 ჩინურ კომპანიას და ჩინეთის მთავრობის ერთერთ ინსტიტუტს ჩინეთში, სინძიანგის ავტონომიურ რეგიონში, ადამიანის უფლებების დარღვევაში ჩართულობის გამო სანქციებს დაუწესებს.

აშშ აცხადებს, რომ კომპანიები მონაწილეობენ ადამიანის უფლებების დარღვევაში, რეპრესიებში, მასობრივ დაკავებებში, იძულებით შრომის დაწესებაში, ტექნოლოგიებით უიღურელთა, ერთნიკურ ყაზახთა, მუსლიმი უმცირესობის ჯგუფების წინააღმდეგ ზედემხედველობის კამპანიაში, რომელსაც ჩინეთის კომუნისტური პარტია ახორციელებს.

სანქციებით ჩინურ ორგანიზაციებს ამერიკული ტექნოლოგიებზე წვდომა, აშშ-დან ექსპორტი შეეზღუდებათ. 

აშშ-მა ჩინეთის სინძიანგის პროვინციაში უიღურების უფლებების დარღვევაში მონაწილეობის გამო 28 ჩინურ ორგანიზაციას სანქციები უკვე დაუწესა, აშშ-ის კონგრესმა კი სინძიანგის პროვინციაში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების, კონკრეტულად კი მუსლიმი უიღურების დაკავების, წამებისა და უფლებების დარღვევის გამო ჩინეთისათვის სანქციების დაწესების კანონი მიიღო.

2018 წელს ჩინეთმა კანონმდებლობა შეცვალა, რაც რეგიონულ მთავრობას ოფიციალურად აძლევს საშუალებას, გამოიყენოს "საგანამანათლებლო და საწვრთნელი ცენტრები" "ექსტრემისტული გავლენების" ქვეშ მყოფ პირთა გამოსასწორებლად. ჩინეთის ოფიციალური პირები საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკას უარყოფენ და ამბობენ, რომ ეს მხოლოდ გამოსასწორებელი ცენტრებია კრიმინალებისათვის. ადამიანები, რომელთაც ამ ცენტრებს თავი დააღწიეს, ყვებიან, რომ ისლამის უარყოფას და კომუნისტური პარტიისათვის ერთგულების პირობის დადებას აიძულებდნენ და მათ პოლიტიკურ ინდოქტრინაციას ეწეოდნენ. ისინი არაადამიანური მოპყრობის შემთხვევებზე საუბრობენ. მათი თქმით, დაკავებულთა მცირეწლოვან შვილებს მშობლებს აშორებენ და ბავშვთა სახლებში გადაჰყავთ.

თებერვალში ანონიმურმა წყარომ გაავრცელა დოკუმენტები, რომლებშიც ჩანს, თუ რა კრიტერიუმებით აკავებენ ჩინეთის სინძიანგის პროვინციაში ეთნიკურად უიღურებს და სპეციალურ ბანაკებში გზავნიან.

ამჟამად, ჩინეთისა და აშშ-ის ურთიერთობები ათწლეულების განმავლობაში ყველაზე გაუარესებულია და არამხოლოდ ახალი კორონავირუსის გავრცელების, არამედ ჰონგ-კონგის, ტაივანის, სამხრეთ ჩინეთის ზღვის, სინძიანგის საკონცენტრაციო ბანაკების საკითხის გამო. ასევე, აშშ ჩინეთს უსამართლო ვაჭრობაში, ტექნოლოგიურ მანიპულაციაში ადანაშაულებს.

კომენტარები