ავიაკატასტროფა

პაკისტანში მომხდარ ავიაკატასტროფაში სამი ადამიანი გადარჩა

პაკისტანში მომხდარ ავიაკატასტროფაში სამი ადამიანი გადარჩა, ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი ტელევიზია Geo ავრცელებს. ტელევიზიის ინფორმაციით, ერთ-ერთი გადარჩენილი პუნჯაბის ბანკის მმართველი დირექტორი, ზაფარ მასუდია. 

მასუდი ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ტელევიზიის ინფორმაციით, მეორე გადარჩენილი საავადმყოფოში სხეულის მძიმე დამწვრობით მოათავსეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. 

22 მაისს, დღის პირველ ნახევარში პაკისტანის საერთაშორისო ავიახაზების კუთვნილმა თვითმფრინავმა ქალაქ კარაჩის მახლობლად კატასტროფა განიცადა. ლაინერი ლაჰორიდან კარაჩის მიმართულებით რეგულარულ ფრენას ასრულებდა.

თვითმფრინავთან კავშირი კატასტროფამდე ერთი წუთით ადრე გაწყდა, უფროსმა პილოტმა დისპეტჩერებს შეატყობინა, რომ ბორტის ორივე თვითმფრინავი გაითიშა. ავიაკომპანიის წარმომადგენლების თქმით, პილოტმა პირველი მცდელობისას თვითმფრინავის დასაჯდომ ბილიკზე გასვლა ვერ შეძლო. 

ტექნიკური პრობლემის შემდეგ, პილოტი მეორეჯერ შეეცადა ლაინერის დასმას, თვითმფრინავი სწორედ მეორე წრეზე გასვლისას, ქალაქის დასახლებულ კვარტალში ჩამოვარდა. 

თვითმფრინავის ბორტზე სულ 107 ადამიანი იმყოფებოდა, აქედან 99 მგზავრი, ხოლო 8 ეკიპაჟის წევრი იყო. სინდის პროვინციის ჯანდაცვის კომიტეტის წარმომადგენლის თქმით, ადგილზე იპოვეს 34 ცხედარი, მსხვერპლთა ვინაობას დნმ-ის ანალიზის შემდეგ დაადგენენ.

კომენტარები