საარჩევნო შეთანხმება

მარგველაშვილი: სტალინი, ბრეჟნევი ან ხრუშჩოვი ამბობდნენ, პოლიტპატიმრები მყავსო?

გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს ექსპრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, ქართული ოცნების განცხადებებს, რომ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება 8 მარტის შეთანხმების ნაწილი არ არის, თაღლითურ სქემას უწოდებს, რომელიც უკვე გაშიფრულია.

მარგველაშვილმა ტვ პირველის ეთერში თქვა, რომ პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავალი მმართველი გუნდის მხრიდან სიმართლის აღიარებაა.

"აქ პრინციპული და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ თაღლითური სქემა არის გახსნილი, გაშიფრული, ჩაშლილი. ან მოხდება აღიარებითი ჩვენება და ამ ადამიანების გამოშვება, ან ეს უაზრო პროცესი გაღრმავდება, რომელიც დაიწყო იმით, რომ პარტია ქართული ოცნების ლიდერმა თქვა, ხელი ხომ არსად მომიწერია იმ განცხადებაზე, რომ 2020-ის არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდებაო, სად არის ნოტარიულად დამოწმებული საბუთიო. და გაგრძელდა იმით, რომ 8 მარტის ხელშეკრულებაში ხომ არსად წერია პოლიტპატიმრებიო. ეს რაღაცნაირი ქვეყნისთვის სამარცხვინო, შეურაცხმყოფელი, ქართველებზე ძალიან ცუდი იმიჯის შემქმნელი ტყუილია. მთელი ეს თაღლითური სქემა არის გახსნილი და ამაზე უკვე მერამდენედ საუბრობენ ჩვენი პარტნიორები", - თქვა ექსპრეზიდენტმა.

მისივე განცხადებით, არც ერთი ხელისუფლება არ აღიარებს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არიან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მართლაც ასეა.

"პოლიტიკური პატიმრის სტატუსი არის საერთაშორისო შეთანხმების სტატუსი, რომელიც მიეცემა ვიღაცას, მიეწერება. და ეს მიწერა ხდება იმ ქვეყნების მიერ, ვისაც ამის უფლება გააჩნია. საბჭოთა კავშირის დროს ამბობდნენ, რომ საბჭოთა კავშირში იყვნენ პოლიტპატიმრები. სტალინი, ბრეჟნევი ან ხრუშჩოვი გამოდიოდა და ამბობდა, რომ პოლიტპატიმრები მყავსო? მაგრამ სიმართლე მდგომარეობს შემდეგში, რომ პოლიტპატიმრები არიან, მეტიც, შედგა შეთანხმება, რომ ისინი უნდა ყოფილიყვნენ გამოშვებულები, სასამართლო სისტემა პოლიტიკური დევნისთვის არ გამოეყენებინათ, გამოესწორებინათ საარჩევნო სისტემა და ჩაეტარებინათ სამართლიანი არჩევნები", - ამბობს მარგველაშვილი.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 2020 წლის 8 მარტს გაფორმებული შეთანხმება ორნაწილიანია, მოიცავს რა საარჩევნო სისტემის ცვლილებისა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების საკითხებს.

თუმცა, მმართველი გუნდის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მოლაპარაკებებისას კონკრეტული პატიმრების გათავისუფლებაზე საუბარი არ ყოფილა და ამბობენ, რომ შეთანხმების საბოლოო ტექსტში არც ერთი გვარი არაა ნახსენები.

ამას მალევე მოჰყვა განცხადებები საქართველოს დასავლელი პარტნიორების მხრიდან - 7 მაისს ევროპარლამენტარმა, ლიტვის ყოფილმა პრემიერმინისტრმა ანდრიუს კუბილიუსმა წერილი მიწერა საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნებს. წერილში ის ხელისუფლებას შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებდა და ხაზს უსვამდა, რომ "საქართველოს ხელისუფლებას ჯერ კიდევ მისაღწევი აქვს პროგრესისთვის იმ ქმედებების კუთხით, რომლებიც შეიძლება იყოს აღქმული, როგორც საქართველოს სასამართლო და საარჩევნო პროცესის არასათანადო პოლიტიზაცია".

11 მაისს წერილი გაავრცელეს შუამავლებმა. აშშ-ის საელჩოს განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ შეთანხმების ნაწილი იმ საკითხებზეა, რაც სასამართლოში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს. განცხადებას იზიარებდნენ სხვა დასავლელი პარტნიორებიც.

იმავე დღეს აშშ-ის კონგრესში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარემ, ადამ კინზინგერმა აშშ-ის საელჩოს განცხადება გააზიარა და დაწერა, რომ "გადამწყვეტი მნიშვნელობისაა შეთანხმების იმპლემენტაცია".

12 მაისს აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ჯეიმს რიშმა დაწერა, რომ ელის "საქართველოს პოლიტიკური პარტიებისგან მარტის შეთანხმების სრულად შესრულებას, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების და ახალი საარჩევნო სისტემისკენ წინსვლის ჩათვლით".

13 მაისს გერმანელმა ევროპარლამენტარმა მიხაელ გალერმა დაწერა, რომ საქართველოს დასავლელი პარტნიორები პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას ელიან:

"[ქართული ოცნება] ბედს სცდის, ელოდებიან თუ არა საქართველოს დასავლელი მეგობრები პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასაც. ელოდებიან. ეს აუცილებელია, თუ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები უნდა ჩატარდეს".

ასევე 13 მაისს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარემ ანდრიუს კუბილიუსმა თქვა, რომ საქართველო ევროკავშირისა და სხვა პარტნიორებისგან ახალი კორონავირუსის კრიზისთან გასამკლავებლად 500 000 000 ევროზე მეტს მიიღებს. თუმცა, ამ დახმარების საკვანძო კომპონენტი გადაჯაჭვულია საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან, განსაკუთრებით კი საარჩევნო სისტემასა და სამართლის უზენაესობასთან.

კომენტარები