სახლიდან მუშაობა

Twitter-ის თანამშრომლებს სამუდამოდ შეეძლებათ სახლიდან მუშაობა

reuters

Twitter-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯეკ დორსიმ, თანამშრომლებს შეატყობინა, რომ კომპანია მათ საშუალებას მისცემს, სამუდამოდ გააგრძელონ სახლიდან მუშაობა.

"წინა რამდენიმე თვემ დაამტკიცა, რომ ასე მუშაობა შეგვიძლია. ამდენად, თუ ჩვენი თანამშრომლები ისეთ მდგომარეობაში იქნებიან, რაც მათ სახლიდან მუშაობის საშუალებას მისცემს და ენდომებათ, სამუდამოდ ასე გააგრძელონ, ჩვენ ამის საშუალებას მივცემთ", - აცხადებენ კომპანიაში.

Twitter-მა თანამშრომლებს სახლიდან მუშაობისკენ 2 მარტიდან მოუწოდა, 11 მარტიდან კი დაავალდებულა.

იმის მიუხედავათ, რომ კომპანიაში დასაქმებულებს სახლიდან მუშაობის უფლებაც ექნებათ, ვისაც კვლავ ენდომება ოფისში დაბრუნება, მინიმუმ სექტემბრამდე მოუწევს მოცდა. ამის შემდეგ კომპანია გეგმავს, ოფისში მუშაობას "ფრთხილად, წინასწარ მოფიქრებულად, ოფის-ოფის და ეტაპობრივად" დაუბრუნდეს.

სახლიდან მუშაობას წლის ბოლომდე გააგრძელებენ Google-ისა და Facebook-ის თანამშრომლებიც, Amazon-ში დასაქმებულები კი ოფისში მინიმუმ ოქტომბრამდე არ დაბრუნდებიან.

კომენტარები