საარჩევნო შეთანხმება

იონათამიშვილი: ჩვენთან პოლიტპატიმრები არ არსებობენ, უპასუხისმგებლო ოპოზიცია მანიპულირებს

პარლამენტი

ქართული ოცნება კვლავ უგულებელყოფს დასავლელი პარტნიორების მოწოდებას, შეასრულოს 2020 წლის 8 მარტს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციასთან ხელმოწერილი შეთანხმება და გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები.

რატი იონათამიშვილმა დღეს კიდევ ერთხელ გაიმეორა მმართველი პარტიის მესიჯი, რომ საქართველოში პოლიტიკური პატიმრები არ არსებობენ და ამ თემით "ოპოზიციის უპასუხისმგებლო ნაწილი მანიპულირებს".

"საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს, რომ მათ არც მაშინ უნდოდათ, კონსენსუსი შემდგარიყო და ეს მათთვის იყო იძულება. მე მათ მოვუწოდებ, არ გავიდნენ შეთანხმების ფორმატის მიღმა, რადგან მათ ძალიან მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევთ.

ჩვენი საზოგადოება თანხმდება, რომ პოლიტპატიმრები საქართველოში არ არსებობენ. ოპოზიციის იმ ნაწილმა, რომელიც ამ თემებით მანიპულირებს, რამდენიმე დღის წინ ასევე თქვა, რომ შეთანხმების ტექსტში და პროცესში პოლიტპატიმრებზე ყურადღება გამახვილებული არ ყოფილა. ვფიქრობ, ამ მხრივ კითხვის ნიშნები აღარ არსებობს. ვისაც სურს, ეს თემა დიალოგის პროცესში შემოიტანოს, ის აპრიორი განწყობილია, რომ კონსენსუსი არ იყოს მიღწეული", - თქვა იონათამიშვილმა.

8 მარტს ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმება ორნაწილიანია და გულისხმობს, ერთის მხრივ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მანდატების 120/30-ზე პროპორციით განაწილებას, ასევე, პოლიტიკური პატიმრების განაწილებას.

ამას აშშ-ის და ევროკავშირის წარმომადგენლებიც ადასტურებენ, რომლებიც შეთანხმების მიღწევის მედიატორები იყვნენ.

12 მაისს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯიმ რიშმა განაცხადა, რომ "საქართველოს პოლიტიკური პარტიებისგან მარტის შეთანხმების სრულად შესრულებას ელის, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების და ახალი საარჩევნო სისტემის მიღების ჩათვლით".

რიშმა ეს Twitter-ზე აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის გვერდზე დაწერა და აშშ-ის საელჩოს და ევროკავშირის ერთობლივი განცხადება გააზიარა.


სენატორი რიში პოლიტიკური პატიმრების მყისიერად გათავისუფლების აუცილებლობაზე 10 მარტსაც საუბრობდა.

ამასთან, 11 მაისს, აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც მიუთითეს, რომ შეთანხმება ორი ნაწილისგან შედგება.
 
"ერთი ფოკუსირებულია სააჩევნო სისტემაზე, მეორე კი ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, სრულად დაიცვან შეთანხმების ორივე ნაწილი, რათა ის წარმატებით განხორციელდეს",- წერია განცხადებაში.
 
11 მაისს განცხადება გააკეთა ამერიკელმა კონგრესმენმა, ადამ კინზინგერმაც და თქვა, რომ "გადამწყვეტი მნიშვნელობისაა შეთანხმების იმპლემენტაცია, რომ დასრულდეს ეს ამბავი და წინ წავიწიოთ".

დასავლელი პარტნიორები მსგავს განხხადებებს მას შემდეგ ავრცელებენ, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ თუ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება, ოპოზიციის პასუხისმგებლობა იქნება, ვინაიდან, მისი თქმით, 8 მარტს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელმოწერილი შეთანხმება პოლიტპატიმრების გათავისუფლებას არ ითვალისწინებს, ოპოზიცია კი, სწორედ ამაზე აკეთებს აქცენტს.

განცხადება, რომ 2020 წლის 8 მარტს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელმოწერილი დოკუმენტი პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების საკითხს არ მოიაზრებს, ასევე გააკეთეს ირაკლი კობახიძემ, კახა კალაძემ და გიორგი გახარიამ.
შეთანხმების გაფორმების დღიდან ოპოზიცია აცხადებს, რომ ის ორეტაპიანია და გულისხმობს როგორც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მანდატების 120/30-ზე განაწილების უზრუნველყოფას, ასევე, პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას. ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ თუ პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიან, შეთანხმება ჩაშლილად გამოცხადდება.
 

ის, რომ ამერიკის ელჩის რეზიდენციაში, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეხვედრაზე, კონკრეტულ პოლიტპატიმრებზე ისაუბრეს, მედიასთან დაადასტურა პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა ირმა ინაშვილმაც. მისი თქმით, შეხვედრებზე განიხილეს კონკრეტული გვარებიც და გათავისუფლების მექანიზმებიც. პოლიტპატიმრების შესახებ მემორანდუმს პატრიოტთა ალიანსმა ხელი სწორედ ამის გამო არ მოაწერა.

საქართველოს პარტნიორი ქვეყნები ხელისუფლებას უგულავას, რურუასა და ოქრუაშვილის საქმეებზე მითითებით, შეთანხმების სრულყოფილად შესრულებისკენ მოუწოდებენ. რას ამბობდნენ ისინი ამ კვირების განმავლობაში, წაიკითხეთ აქ.

შეთანხმება, რამდენიმეთვიანი დაძაბული პროცესის, საპროტესტო აქციების და პოლიტიკური დევნის ფონზე, პარტნიორი ქვეყნების მიერ ორგანიზებული მოლაპარაკებების შემდეგ გაფორმდა. ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც 2019 წლის 14 ნოემბერს ქართულმა ოცნებამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩააგდო. ამით მმართველმა გუნდმა 2019 წლის 24 ივნისს ბიძინა ივანიშვილის დაპირება არ შეასრულა, რომელიც, პარტიის თავმჯდომარემ, თავის მხრივ, 20 ივნისის ანტირუსული აქციის ძალადობრივად დაშლის და გამწვავებული პროტესტის შემდეგ გასცა.

კომენტარები