დაპირისპირება ყინწვისის მონასტერში

მიტროპოლიტი იობი ყინწვისზე: გასროლა მოხდა ნასვამ მდგომარეობაში, მეტი არაფერი

ნიკოლოზ კვანჭიანი

რუის-ურბნისის მიტროპოლიტი მეუფე იობი პირველად გამოეხმაურა ყინწვისის მამათა მონასტერში მომხდარ დაპირისპირებას და თქვა, რომ "გასროლა მოხდა ნასვამ მდგომარეობაში, მეტი არაფერი".

გასროლისთვის სასულიერო პირი მამა დავით (კობა) კობაიძეა დაკავებული. გამოძიების ინფორმაციით, რამდენიმე ტყვია მან მეორე სასულიერო პირის, მამა საბას, მანქანას ესროლა და მიიმალა.

მიტროპოლიტი ამბობს, რომ გასროლა მონასტრის ან ეპარქიის ტერიტორიაზე არ მომხდარა - "შელაპარაკება იყო, ერისკაცებს შორის მოხდა ჩხუბი და შემდეგ ამას მოჰყვა ყველაფერი".

კითხვაზე, რა კავშირი აქვს ერისკაცებს შორის შელაპარაკებას და სასულიერო პირის მიერ იარაღის გასროლას, მიტროპოლიტი პასუხობს, რომ "ნასვამ მდგომარეობაში ადამიანს განსჯის უნარი არ აქვს" და "როცა პირი სვამს, არ აქვს მნიშვნელობა, სასულიერო პირია, თუ ერისკაცი".

მიტროპოლიტი ირწმუნება, რომ სასულიერო პირებს შორის ჩხუბი არ ყოფილა და პირიქით, ისინი სწორედ იმ დღეს შერიგდნენ. კონფლიქტი, რის გამოც შერიგება გახდა საჭირო, მეუფე იობის თქმითვე, ასევე ნასვამ მგომარეობაში ყოფნას უკავშირდებოდა:

"ჩხუბი მათ შორის არ ყოფილა, პირიქით, იმ დღეს მამა საბა ჩამოსული იყო შესარიგებლად, რაღაც პატარა კონფლიქტი ჰქონდა, უნდა შერიგებულიყვნენ და შერიგდნენ".

მიტროპოლიტი ამბობს, რომ თავის დროზე მამა დავითი "იშვილა", თუმცა შემდეგ ნასვამი ნახა და არ მოეწონა.

"როგორც ერის ადამიანებში არსებობს, რომ სვამენ, ასევე არის სასულიერო პირებში, პირველად ხომ არ გესმით," - ამბობს ის და აღნიშნავს, რომ მამა დავითს "ყველაზე მკაცრად ექცეოდა".

დაპირისპირების ამბავს საპატრიარქოს ზნეობრივი კომისია განიხილავს და გადაწყვეტს, გადასცეს თუ არა ის განსახილველად სინოდს. ამის შესახებ 3 მაისს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ თქვა.

-------------------

მამა დავით (კობა) კობაიძე განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის 28 აპრილს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, მან მამა საბას მანქანას რამდენიმე ტყვია ესროლა და ადგილიდან მიიმალა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 29 აპრილს შეუფარდეს.

მედიასთან საუბრისას სასულიერო პირები ყინწვისში მომხდარ დაპირისპირებას პირველივე დღიდან უარყოფდნენ, მათ შორის დაზარალებული არქიმანდრიტი საბა ჟღენტიც. 

30 აპრილს, რუის-ურბნისის ეპარქიამ განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ ინციდენტი არც ყინწვისის ტერიტორიაზე მომხდარა და არც ზოგადად რუის-ურბნისის ეპარქიაში. ეპარქია ასევე წერს, რომ ბრალდებული იღუმენი დავითი ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარი არ არის და არც არასდროს ყოფილა.

კომენტარები