დაპირისპირება ყინწვისის მონასტერში

ეპარქია ყინწვისზე: ინციდენტი, რომელიც მედიაში ვრცელდება, რუის-ურბნისის ეპარქიაში არ მომხდარა

კარიბჭე

რუის-ურბნისის ეპარქია ყინწვისის მამათა მონასტერში მომხდარი დაპირისპირების შესახებ განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ინციდენტი არც ყინწვისის ტერიტორიაზე მომხდარა და არც ზოგადად რუის-ურბნისის ეპარქიაში.

"სამწუხაროა, რომ დღეს ზოგიერთი ჟურნალისტი არაპროფესიულ, უპასუხისმგებლო, განცხადებებს აკეთებს და ზოგიც ეკლესიის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ეწევა",- წერია განცხადებაში.

ეპარქია ასევე წერს, რომ ბრალდებული იღუმენი დავითი ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარი არ არის და არც არასდროს ყოფილა. 

"ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარი არის ყოვლადუსამღვდელოესი მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი). გავრცელებული, ცრუ ინფორმაციის, ნებსითი თუ უნებლიე ცდომილებაა აგრეთვე ის, რომ იღუმენი დავითი, გვარად კობაიძეა და არა - აქიაშვილი,როგორც მას იხსენიებენ", - წერია განცხადებაში.

მამა დავით (კობა) კობაიძე განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის 28 აპრილს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, მან მამა საბას მანქანას რამდენიმე ტყვია ესროლა და ადგილიდან მიიმალა.

მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გუშინ, 29 აპრილს, შეუფარდეს.

მედიასთან საუბრისას სასულიერო პირები ყინწვისში მომხდარ დაპირისპირებას პირველივე დღიდან უარყოფდნენ, მათ შორის დაზარალებული არქიმანდრიტი საბა ჟღენტიც.

კომენტარები