დაპირისპირება ყინწვისის მონასტერში

დაკავებული სასულიერო პირის ადვოკატი: ვიღაც პირმა გაურკვეველ ვითარებაში ისროლა

კარიბჭე

განზრახ მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის დაკავებული ყინწვისის მონასტრის წინამძღვრის საქმეზე სასამართლო დღეს, 29 აპრილს, იმსჯელებს. სწორედ დღეს გაირკვევა, შეუფარდებენ თუ არა მამა დავითს წინასწარ პატიმრობას. 

დაკავებული სასულიერო პირის ადვოკატები აცხადებენ, რომ ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს. მათი თქმით, შეიარაღებული დაპირისპირება არ ყოფილა და "ვიღაც პირმა" გაურკვეველ ვითარებაში ისროლა. დაცვის მხარე მამა დავითის ყოველგვარი პირობის გარეშე გათავისუფლებას ითხოვს.

ადვოკატი ბექა ნემსიწვერიძის თქმით, საქმეში არის მხოლოდ ერთი მოწმის ჩვენება, რომელიც ამბობს, რომ შესაძლოა, მამა დავითს ესროლა. ადვოკატის ცნობით, გამოძიებას არც პირდაპირი მოწმეების ჩვენება აქვს და არც ცეცხლსასროლი იარაღი ამოუღია. 

"ადგილი ჰქონდა რაღაც ინციდენტს, გაურკვეველ ვითარებაში მამა საბას მანქანის მიმართ ვიღაც პირის მიერ განხორციელდა სროლა. თუმცა, საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება არ მიუთითებს მამა დავითის არა მხოლოდ ბრალეულობაზე, არ მიუთითებს არც იმ ვერსიაზე, რომელსაც ავრცელებს ბრალდების მხარე"- ამბობს ბექა ნემსიწვერიძე.

ადვოკატი მოწმის ვინაობას არ ასახელებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ის სასულიერო პირი არ არის. მისივე თქმით, შემთხვევის დროს მამა დავითი მონასტერში იმყოფებოდა. 

ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე მოწმის ჩვენებას აბსურდულს უწოდებს და ამბობს, რომ მისი სანდოობის დასადგენად, დაცვის მხარე საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებას აპირებს. 

"არცერთი ფაქტობრივი გარემოებით არ დასტურდება მამა დავითის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება. არ დასტურდება, რაიმე ფორმით კონფლიქტი ჰქონოდა მამა დავითს მამა საბასთან...საქმეში დევს მამა საბას ჩვენება, რომ არანაირი დაპირისპირება მამა დავითთან არ ჰქონია და ვერც ექნებოდა, იმიტომ რომ ისინი ერთმანეთის მიმართ სიყვარულით არიან განმსჭვალული"- ამბობს კობაიძე და აღნიშნავს, რომ "შეგნებულად ხორციელდება ეკლესიის დისკრედიტაცია". 

ყინწვისის მონასტრის წინამძღვარი 28 აპრილს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის წარუდგინა. გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა არქიმანდრიტ საბას მანქანას რამდენიმე ტყვია ესროლა და ადგილიდან მიიმალა. გავრცელებული ინფორმაციით, არქიმანდრიტი დაიჭრა. 

აღსანიშნავია, რომ მედიასთან საუბრისას სასულიერო პირები ყინწვისში მომხდარ დაპირისპირებას უარყოფდნენ. მათ შორის დაზარალებული არქიმანდრიტი საბა ჟღენტი ამბობდა, რომ მისი დაჭრის შესახებ ცრუ ინფორმაცია გავრცელდა, რითაც ის "გულნატკენი და ნაწყენია".

კომენტარები