ახალი კორონავირუსი საქართველოში

გაბუნია: ტესტი 10 177 პირს ჩაუტარდა, ტესტირებულ და გამოვლენილ ინფექციას შორის პროპორცია შემცირდა

საქართველოს მთავრობა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას ინფორმაციით, 24 აპრილის ჩათვლით, ახალ კორონავირუსზე ტესტი 10 177 ადამიანს ჩაუტარდა. მათგან დადასტურებული შემთხვევა 456-ია.

გაბუნიასვე თქმით, გუშინ, 24 აპრილს, სხვადასხვა ლაბორატორიაში ჯამში 897 PCR (ლაბორატორიული) ტესტი ჩატარდა და მხოლოდ 25 შემთხვევა დადასტურდა.

მინისტრის მოადგილის თქმით, ეს ნიშნავს, რომ ტესტირებულ და გამოვლენილ ინფექციას შორის პროპორცია შემცირდა - 24 აპრილს დადასტურების მაჩვენებელი 2% იყო, როცა საერთო მაჩვენებელი 4.5%-ია.

"ეს მიუთითებს იმაზე, რომ ვირუსის თავისუფალი ტრანსმისია საზოგადოებაში არ ხდება. მიზნობრივი, ფოკუსირებული ტესტირებით, ჩვენ გვაქვს კარგი საშუალება იმისა, რომ გამოვავლინოთ დაინფიცირებული პირები, როგორც ეს ხდება მარნეულში, ბოლნისში, სამედიცინო პერსონალსა და სხვა მუნიციპალიტეტებში, სადაც შემთხვევები ვლინდება და კლასტერები ყალიბდება. ეს არის ინსტრუმენტი იმისა, რომ დროულად გამოვავლინოთ საზოგადოებაში გავრცელების პირველი და ადრეული შემთხვევები", - თქვა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ტვ იმედის ეთერში.

19 აპრილის შემდეგ NCDC-იმ Covid 19-ზე ტესტირების ტემპი დააჩქარა. თუ 19 აპრილს ანალიზი 265 ადამიანს ჩაუტარდა, 21 აპრილს ეს რიცხვი 624 იყო, 23 აპრილს - 700.

"მთავარი წუხილი, რაც შეიძლება მოსახლეობას ქონდეს, ისაა, ხომ არ იპარება შემთხვევები, რომელთა გატესტვა და გამოვლენა არ ხდება და ეს შემთხვევები შესაძლოა იყოს პოტენციური ინფექციის წყარო. აქამდე ჩატარებული მიზნობრივი, გნებავთ აგრესიული ტესტირება ხორციელდებოდა საკარანტინო სივრცეებში, ჯანდაცვის პროფესიონალებში, ასევე ადგილობრივი ეპიდრეაგირების გეგმის ფარგლებში" - ამბობს გაბუნია.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტებებში გაწერილია გეგმები ორი ინკუბაციური პერიოდისთვის - ეს არის ღონისძიებები, რომლებიც 28 დღის განმავლობაში ეტაპობრივად უნდა შესრულდეს.

"ეტაპობრიობა ითვალისწინებს თერმოსკრინინგს, დადებით შემთხვევაში ნაცხის ანალიზს და გამოკვლევას PCR მეთოდით, დადებითი შედეგის შემთხვევაში კი ეს ღონისძიებები ითვალისწინებს პაციენტის გადაყვანას მკურნალობის მიზნით. აღნიშნული პროცესი ხორციელდება მაღალი რისკის რეგიონებში, სადაც დაფიქსირდება შემთხვევების მომატებული რაოდენობა. ერთი ოჯახი ან 3-4 შემთხვევა, კლასტერები, რომლებიც ყალიბდება კონტაქტების კვლევის საფუძველზე, საჭიროებს აგრესიულ ტესტირებას. ამას ვიყენებთ რამდენიმე თვეა, რაც ვირუსის გადაცემის თავიდან აცილების მიზნით დავიწყეთ“, - თქვა მან.

25 აპრილის 22:00 საათის მდგომარეობით, საქართველოში ახალი კორონავირუსი 456 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 139 გამოჯანმრთელდა, 5 - გარდაიცვალა.

კომენტარები