კორონავირუსი საქართველოში

შსს-მ ზურაბ ჯაფარიძე და გირჩის 14 აქტივისტი 3000-3000 ლარით დააჯარიმა, 3 პირი დაკავებულია

რადიო თავისუფლება/მზია საგანელიძე

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გირჩის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე და პარტიის კიდევ 14 აქტივისტი 3000-3000 ლარით დაჯარიმდნენ, ვინაიდან მათ საგანგებო მდგომარეობის პირობებში საპროტესტო აქციის მოწყობით კანონი დაარღვიეს. 3 პირი კი წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცველების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის, საქართველოს სსკ-ის 166-ე და 173-ე მუხლებით არის დაკავებული.

შსს-ის განცხადებაში წერია:

"საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით აკრძალულია "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი შეკრება ან/და მანიფესტაცია. საქართველოს კანონმდებლობით „შეკრება“ არის მოქალაქეთა ჯგუფის შეკრება ჭერქვეშ ან გარეთ, მიტინგი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სოლიდარობის ან პროტესტის გამოხატვის მიზნით.

შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტის მე-8 მუხლის შესაბამისად, პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე და ამავე პარტიის 14 აქტივისტი 3000 ლარით დააჯარიმა, 3 პირი კი დაკავებულია წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცველების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით".

საპროტესტო აქცია ზურაბ ჯაფარიძემ 22 აპრილს Facebook-ის საშუალებით დაგეგმა საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მოთხოვნით. როგორც გირჩის ლიდერი წერდა, ის ძველ იპოდრომზე სეირნობას აპირებდა და ყველას, ვისაც საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების გაპროტესტება სურდა, შეეძლო მასთან ერთად "ესეირნა".

აღსანიშნავია, რომ გუშინ, 22 აპრილს საპროტესტო აქცია მარნეულშიც ჩატარდა. ადგილობვივებმა მოითხოვეს, მათთვის სოფლის მეურნეობის პროდუქტების გაყიდვის საშუალება მიეცათ. აქციაზე არავინ დაუჯარიმებიათ.

მოქალაქეები ტაძრებში და ტაძრების ეზოებშიც იკრიბებიან, რათა რელიგიური დღესასწაული აღნიშნონ, თუმცა, ხელისუფლება სასულიერო პირები და მრევლი არათუ აჯარიმებს, არამედ ამის ნებართვას თავად აძლევს.

კომენტარები