ახალი კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე შეზღუდვების მოხსნაზე: ეტაპობრივად უნდა მოიხსნას, სადღაც ერთ თვეში

რადიო თავისუფლება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ COVID 19-ის გამო, ქვეყანაში არსებულ შეზღუდვები ეტაპობრივად უნდა მოიხსნას. ამისთვის კი, როგორც ცერცვაძე განმარტავს, საჭიროა ქვეყანამ დაიჭიროს "ის მომენტი", როდესაც უზრუნველყოფილი იქნება სტაბილურობა და ეპიდემიის დაღმავალი მიმართულება.

"ძალიან არ უნდა ავჩქარდეთ, არ უნდა გავაკეთოთ ეს მარტო იმიტომ, რომ ასე გვინდა, ან ქვეყნის ეკონომიკას ასე სჭირდება. უნდა დავიჭიროთ ის მომენტი, როდესაც ქვეყანამ უზრუნველყო რაღაც სახის სტაბილურობა, ან ეპიდემიის დაღმავალი მიმართულება, სწორედ იმით, რასაც აქამდე ვაკეთებდით და შემდეგ დავიწყოთ ეტაპობრივი მოხსნა. ეს, ჩემი აზრით, იქნება სადღაც ერთ თვეში", - ამბობს ცერცვაძე ფორმულასთან საუბარში.

31 მარტიდან ქვეყანაში გამოცხადებულია "ფაქტობრივი კარანტინი". საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 21:00 საათიდან 06:00 საათამდე ე.წ კომენდანტის საათი მოქმედებს და გარეთ გასვლა აკრძალულია, ასევე, დაუშვებელია, 3 პირზე მეტის შეკრება, ვინაიდან ახალი კორონავირუსი წვეთოვანი გზით გადამდები ინფექციაა.

აკრძალულია ავტომობილებით გადაადგილება, დახურულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი, არ მუშაობს რკინიგზა, დახურულია სავაჭრო ობიექტები, აგრარული ბაზრები. მუშაობის უფლება მხოლოდ სასურსათო მაღაზიებს, აფთიაქებს, ბანკებს და ფოსტას აქვთ. მკაცრი საკარანტინო რეჟიმის გამო ჩაკეტილია მარნეული, ლენტეხი, ბოლნისი, ასევე ქობულეთის 4 და ხაშურის ერთი სოფელი.

პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ, პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გახანგრძლივების მოთხოვნით მიმართა.

კომენტარები