კორონავირუსი საქართველოში

შეიქმნა აპლიკაცია, რომელიც ადამიანებს Covid19-ით ინფიცირებულის სიახლოვეზე შეატყობინებს

Ghn.ge

ჯანდაცვის სამინისტრომ 16 აპრილს აპლიკაცია წარადგინა, რომელიც ადამიანებს კორონავირუსით ინფიცირებულთან სიახლოვის შესახებ შეატყობინებს. 

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის მტკიცებით, აპლიკაცია სრულად იცავს პიროვნების პერსონალურ მონაცემებს და აუმჯობესებს Covid19-ით ინფიცირებული კონტაქტების ამოცნობის ხარისხს. 

"აპლიკაცია გახლავთ ევროპულ კანონმდებლობაზე დაყრდნობით შექმნილი, ის სრულიად იცავს ჩვენს პერსონალურ ინფორმაციას და საშუალებას იძლევა გავუფრთხილდეთ როგორც საკუთარ ჯანმრთელობას, ასევე მოვახდინოთ კონტაქტების ინფორმირება ჩვენი ინფიცირების შემთხვევაში, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს კონტაქტების ამოცნობის ხარისხს," - თქვა ტიკარაძემ. 

სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, გადმოწერის შემდეგ, აპლიკაციაში მომხმარებლების რეგისტრაცია საჭირო არაა, შესაბამისად, მას არ აქვს წვდომა პერსონალურ ინფორმაციაზე.

აპლიკაცია მომხმარებლის მოწყობილობას უნიკალურ ID-ს ანიჭებს და ბლუთუზისა და სხვა ტექნოლოგიების გამოყენებით იმ მოწყობილობების ID-ს იმახსოვრებს, რომლებმაც მის სიახლოვეს 10 წუთი ან მეტი დაჰყვეს.

ადრეული გამოვლენისა და პრევენციის მიზნით შექმნილი აპლიკაციის Stop Covid გადმოწერა შესაძლებელია Apple store-დან და Google play-დან. 

საქართველოს მთავრობის ფეისბუქ გვერდზე განთავსებულია ვიდეო, რომლის საშუალებითაც მომხმარებლებს შეუძლიათ აპლიკაციით სარგებლობის წესებთან დაკავშირებულ ინფორმაციას გაეცნონ:

 

კომენტარები