დიდი ბრიტანეთი

ელისაბედ ll: კორონავირუსი ჩვენ ვერ მოგვერევა

ელიზაბეტ ll

გაერთიანებული სამეფოს დედოფალმა, ელისაბედ ll-მ, 11 აპრილს ბრიტანელებს განუცხადა, რომ კორონავირუსი მათზე ვერ გაიმარჯვებს.

"როგორი ბნელიც უნდა იყოს სიკვდილი, განსაკუთრებით მათთვის, ვინც მწუხარებით იტანჯება, სინათლე და სიცოცხლე უფრო დიდია. დაე, აღდგომის იმედის ცოცხალი ალი იყოს ჩვენი მომავლის მყარი მეგზური," - განაცხადა დედოფალმა. 

ქრისტიანთა უმრავლესობა დღეს, 12 აპრილს აღდგომას ზეიმობს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც აღდგომას დედოფალი მიმართვას ავრცელებს.

დედოფალმა მოსახლეობას უთხრა, რომ ამ წლის აღდგომა ბევრი მათგანისთვის განსხვავებული იქნება, განშორებით ისინი უსაფრთხოებას ინარჩუნებენ - "თუმცა, აღდგომა არ გაუქმებულა. ჩვენ ნამდვილად გვჭირდება აღდგომა, ისევე, როგორც ყოველთვის".

ელისაბედ ll-მ ყველა რწმენისა და დენომინაციის წარმომადგენლებს დალოცვილი აღდგომა უსურვა.

"აღდგომილი ქრისტეს აღმოჩენამ აღდგომის პირველ დღეს მის მიმდევრებს ახალი იმედი მისცა და მიზანი დაუსახა, ჩვენ შეგვიძლია ყველანი გავმხნევდეთ ამით,"- თქვა დედოფალმა თავის მიმართვაში.

დედოფლის მიმართვას სრულიად შეგიძლიათ მოუსმინოთ სამეფო ოჯახის Twitter-ის გვერდზე:

5 აპრილს გაერთიანებული სამეფოს დედოფალმა, ელიზაბეტ II-მ, მეხუთე სატელევიზიო მიმართვისას ქვეყნის მოსახლეობა გაამხნევა, "ჩვენ წარმატებით გავიმარჯვებთ კორონავირუსზე", - თქვა დედოფალმა.

93 წლის დედოფალმა საყვარელი ადამიანებისგან მტკივნეული განცალკევება, რასაც სოციალური დისტანცირება იწვევს, ევაკუირებული ბავშვების გამოცდილებას შეადარა მეორე მსოფლიოს ომის დროს, "მაშინაც და ახლაც, ჩვენ ყველამ ვიცოდით და ვიცით, რომ ამის გაკეთება სწორია," - თქვა მან.

11 აპრილს გაერთიანებულ სამეფოში ახალი კორონავირუსით 917 პაციენტი გარდაიცვალა, ჯამში 9 875. ქვეყანაში ახალი ვირუსით დაავადების 78 991 შემთხვევაა გამოვლენილი. გამოჯანმრთელებულია 344 ადამიანი.

კომენტარები