აღდგომა

კათოლიკურ ტაძარში სააღდგომო ლიტურგია მრევლის გარეშე აღევლინა

ტაბულა

12 აპრილს კათოლიკე ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს.

ღვთისმშობლის ზეცად აყვანების ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია აღევლინა. ლოცვას მრევლი არ დასწრებია. მორწმუნეები მას თვალს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში ადევნებდნენ.

ამასთან, ე.წ კომენდანტის საათის გათვალისწინებით, ლოცვა ჩვეულებრივზე რამდენიმე საათით ადრე ჩატარდა - საგანგებო მდგომარეობის პირობებში, 21:00 საათის შემდეგ გარეთ გასვლა აკრძალულია. ტრადიციულად, სააღდგომო ლიტურგია კათოლიკურ ტაძრებში 23:30-დან იწყება.

კათოლიკე ეკლესიამ ლოცვების მრევლის გარეშე ჩატარების გადაწყვეტილება, მოქალაქეების კორონავირუსისგან დაცვის მიზნით, რამდენიმე კვირის წინ მიიღო.

მათგან განსხვავებით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, უარს ამბობს, დაემორჩილოს კანონს. საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, რომლის ფარგლებშიც დაწესებულია ე.წ კომენდანტის საათი, ასევე, აკრძალულია 3 ადამიანზე მეტის შეკრება და ამის გამო ათობით ადამიანი ყოველდღიურად ჯარიმდება, ტაძრებში წირვა-ლოცვა ჩვეულ რეჟიმში აღევლინება. საპატრიარქომ ასევე უარი თქვა, შეცვალოს ერთი კოვზით ზიარების წესი. ეს ყოველივე ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხეს ზრდის. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები არ სთხოვენ ეკლესიას, კანონით განსაზღვრულ ზომებს დაემორჩილონ.

Covid 19 ვირუსული ინფექციაა, რომელიც ადამიანიდან ადამიანს წვეთოვანი გზით გადაეცემა. მისი თვისებები ჯერაც არ არის შესწავლილი. მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 600 000-ს გადააჭარბა. დაიღუპა 100 000-ზე მეტი ადამიანი. საქართველოში ახალი კორონვირუსით ინფიცირების 242 დადასტურებული შემთხვევაა, გარდაიცვალა 3 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 60.

საეკლესიო დღესასწაულების გამო, საქართველოს ხელისუფლება კორონავირუსის გავრცელების პიკს საქართველოში მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში ელოდება.

კომენტარები