აღდგომის საზრისი
წლეულს ქრისტიანები - აღმოსავლელები თუ დასავლელები, კათოლიკეები თუ მართლმადიდებლები, ორიენტალური მართლმადიდებლები თუ პროტესტანტები - შევიკრიბებით ჩვენს სალოცავებში აღდგომის ღამისთევაზე. მივალთ ჩვენს ტაძრებში მოლოდინითა და სასოებით. თუმცა, ეს დღე მარტო ქრისტიანებს არ ეკუთვნით. ის ყველასია.
აღდგომის ღამისთევის მთავარი მიზანია, ყველას კიდევ ერთხელ შეგვახსენოს, რომ სინათლე ყოველთვის იმარჯვებს სიბნელეზე, სიყვარული ყოველთვის იმარჯვებს სიძულვილზე, სიცოცხლე ყოველთვის იმარჯვებს სიკვდილზე.
ამ აღდგომას ჩვენ ვხვდებით ტირანიის აჩრდილების ქვეშ; დაუჯერებელი მუხანათობისა და ძმათამკვლელი ომების ფონზე. სწორედ ამიტომ გვჭირდება ღრმად დაფიქრება იმაზე, თუ რა საზრისი აქვს აღდგომას? იქნება, სულაც აღარა აქვს? იქნება, ეს ყველაფერი თავის მოტყუებაა და სხვა არაფერი? რისი თქმა შეუძლია დღეს ჩვენთვის მაცხოვრის აღდგომას, როცა დაძაბულია და დამფრთხალია მთელი სამყარო?
აღდგომის ამბავი
იმ სახარებებს შორის, რომელიც ადრინდელმა ქრისტიანობამ შექმნა, მარკოზის სახარება ყველაზე ძველია და ყველაზე ლაკონიური. მოდით, ვნახოთ, რას გვიამბობს მარკოზი აღდგომის შესახებ (მარკოზი 16:1-8). მას შემდეგ, რაც იესოს ჯვარზე მოკლავენ და მერე დამარხავენ, იესოს საფლავთან მიდიან ქალები - იესოს ბრუტალური მკვლელობით დამწუხრებულები და სასოწარკვეთილები. ისინი ელიან, რომ მათ დაუხვდებათ დაგმანული საფლავი, რაც იმისი ნიშანია, რომ ყველაფერი დამთავრებულია, რომ სახარების პროტაგონისტმა დაასრულა თავისი არსებობა. საფლავი ერთგვარი სიმბოლოა ცხოვრების ბოლოში დასმული წერტილისა. საფლავზე მისული ქალები მოულოდნელობის წინაშე აღმოჩნდებიან. საფლავის ლოდი გადაგორებულია და მათ ესმით ანგელოზის ხმა: „ნუ გეშინიათ. იესო მკვდრეთით აღდგა!“
სხვას რას უნდა ნიშნავდეს ეს სიტყვები, თუ არა იმას, რომ ღმერთი არ დატოვებს ადამიანს უსასრულო სასოწარკვეთილებაში!
ჩვენ და აღდგომა
დღეს ჩვენთანაც და სხვაგანაც უამრავი ადამიანი დაღლილია და სასოწარკვეთილი ტირანიასთან და უსამართლობასთან ბრძოლაში. ის პროტესტი, რომელიც ჩვენს ქალაქში იმართება ყოველ დღე, შეიძლება ზოგს დაუსრულებლად გვეჩვენებოდეს, ზოგს გულს გვიტეხდეს, ზოგს გვაშინებდეს, ზოგს სასოწარკვეთილებისაკენ გვიბიძგებდეს, ზოგს საერთოდ ამ ქვეყნიდან გაქცევას გვაფიქრებინებდეს.
ჩვენ ისეთივე მდგომარეობაში ვართ, როგორც იესოს საფლავის სანახავად მიმავალი ქალები. ჩვენც მათსავით შეიძლება ვფიქრობდეთ: ახლა რისიღა იმედი უნდა გვქონდეს? რა აზრი აქვს ამისთანა ცხოვრებას?
უსასოობასა და დაქანცულობაში აღდგომა წყვდიადში გამოჩენილი სინათლესავით არის, რომლის დანახვაზეც ნუგეში გეძლევა, რომ ყველაფერი დაკარგული არ არის, ბრძოლას სამართლიანობისა და ნამდვილი მშვიდობისათვის საზრისი აქვს, სიბნელეზე გამარჯვება გარანტირებულია.
აღდგომის ძალა
აღდგომა მარტო ისტორიული მოვლენა არ არის, რომელიც ძალიან დიდი ხნის წინათ მოხდა. აღდგომა ნაწილია ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებისა, შთაგონებაა ჩვენთვის და გამხნევება. მკვდრეთით აღდგომა ჩვენ მოგვიწოდებს, რომ ვემსახუროთ სასიკეთო ცვლილებასა და გარდაქმნას. ის მოგვიწოდებს, რომ თავად გავხდეთ იმედიანობის განსახიერება იმედისაგან დაცლილ სამყაროში. აღდგომა გვაჯანჯღარებს, თვალებში ჩაგვყურებს და კივილით გვეუბნება: ავდარს დარი ჩაანაცვლებს, სიავეს - სიკეთე, მტრობას -სიყვარული, ომებს, ჩაგვრასა და სისხლისღვრას - ნამდვილი მშვიდობა. აუღებელი არც ბოროტების ციხე-სიმაგრე არსებობს და არც უსამართლობის ბასტიონები. როგორც აღდგომა დილას გადააგორა ღმერთმა ლოდი საფლავიდან, ასევე შეგვიძლია ჩვენ ყველამ ერთად გადავაგოროთ ყველა ლოდი და საფლავიდან ამოვიყვანოთ თავისუფლება, სამართლიანობა და ნამდვილი მშვიდობა.
აღდგომისეული შთაგონება
ამ სამყაროს თავზე დათეულმა უსამართლობამ ჩვენ უნდა გვასწავლოს გაკვეთილები, რომლებიც სასიცოცხლო მნიშვნელობისაა არა მარტო ჩვენთვის, არამედ მთელი პლანეტისათვის. უსამართლობაზე ერთხელ თვალის დახუჭვა ათას უსამართლობას ბადებს; სხვისა ჩაგვრაზე ყურის წაყრუება ადრე თუ გვიან ჩვენც ჩაგვრის მსხვერპლად გვაქცევს; სხვისა ტკივილის არად ჩაგდება, ჩვენ თვითონ განგვაცდევინებს გაათკეცებულ ტკივილს; იმის შიში, რომ ჩვენ არაფერი მოგვივიდეს, ჩვენც შეგვჭამს და ჩვენს შვილებსაც.
როგორც იესოს მოწაფეებმა დაძლიეს შიში და დაიწყეს ქრისტეს აღდგომის ქადაგება, ჩვენც ასევე უნდა დავძლიოთ შიში, დაღლილობა, დაქანცულობა და სიცოცხლის ბოლომდე ვიბრძოლოთ სამართლიანობისათვის, მრავალფეროვნების მიმღებლობისთვის და ნამდვილი მშვიდობის დამყარებისთვის.
აღდგომა ყოველდღიურობაში
რას ნიშნავს როცა „ქრისტე აღდგა“-ს საპასუხოდ „ჭეშმარიტად!“-ს ვამბობთ? ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვინდა ჩვენს ცხოვრებაში აირეკლოს მკვდრეთით აღდგომის ძალა. როგორ? აი, როგორ: ჩვენ არ უნდა დავნებდეთ სასოწარკვეთილებას, ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს, გამოვესარჩლოთ დაჩაგრულსა და ღარიბ-ღატაკს, ჩვენ გული არ უნდა გავიტეხოთ დროებითი მარცხისა და წარუმატებლობის შემთხვევაში, ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ეგოცენტრულ ახირებებსა და კუდამპარტავნობაზე, რაც გვაზიანებს ჩვენ და აზიანებს ჩვენს გარშემო მყოფ ადამიანებს. ამ მისწრაფებების გარეშე ჩვენსას არც რელიგიურობასა აქვს ფასი და არც წირვა-ლოცვას.
ერთმა ოსტატმა თავის შეგირდებსა ჰკითხა: „როდის შეიძლება იმისი თქმა, რომ ღამე დამთავრდა და დღე დაიწყო?“ გაკვირვებულმა შეგირდებმა ერთმანეთს გადახედეს და პასუხის გასაცემად მოემზადნენ. ერთმა თქვა: „როდესაც გაიხედავ და შორიდან შეძლებ ერთმანეთისგან გაარჩიო ხე რომელია და ადამიანი - რომელი, აი, მაშინ შეგილია თქვა, რომ ღამე გაილია და გათენდა!“ მეორემ თქვა: „როდესაც გაიხედავ და შორიდან შეძლებ გაარჩიო, ძაღლი რომელია და ცხვარი - რომელი, აი, მაშინ ნამდვილად შეგიძლია იმისი თქმა, რომ ღამე გაილია და გათენდა!“ ერთმა შეგირდმა თქვა: „როდესაც გაიხედავ და შორიდან შეძლებ გაარჩიო, მტერი რომელია და მოყვარე რომელია, მაშინ შეგიძლია იმისი თქმა, რომ ღამე გაილია და გათენდა!“ ერთმა ისიცა თქვა: „როცა გაიხედავ და დაინახავ, შეძლებ იმის გარჩევას, ჰეტერო რომელია და ჰომო - რომელი, აი, მაშინ შეგიძლია იმისი თქმა, რომ ღამე გაილია და გათენდა!“ ერთმა კიდევ ესა თქვა: „როდესაც გაიხედავ და შორიდან შეძლებ გაარჩიო, ადამიანი შენი სარწმუნოებისაა თუ სხვისი სარწმუნოებისა, მაშინ ნაღდად შეგიძლია იმისი თქმა, რომ ღამე გაილია და გათენდა!“ ოსტატმა იმედგაცრუებულმა გაიქნია თავის და შეგირდებს უთხრა:
„როდესაც ნებისმიერ ადამიანს ჩახედავ თვალებში და მასში შენს დასა და ძმას დაინახავ, აი, მაშინ შეგიძლია თქვა, ღამე გათავდა და დღე გათენდა!“
აღდგომის ძალა იმაში უნდა დაგვეხმაროს, რომ ყველა ადამიანში დავინახოთ ჩვენი დედმამიშვილები - არა აქვს მნიშვნელობა თეთრკანიანები არიან ისინი, შავკანიანები არიან, ასე ლოცულობენ, ისე ლოცულობენ, თუ საერთოდა არ ლოცულობენ, ამ იდეოლოგიისანი არიან, იმ იდეოლოგიისანი არიან, ამ პარტიას ეკუთვნიან, იმ პარტიას ეკუთვნიან.
აღდგომის ძალა კიდევ იმაში უნდა დაგვეხმაროს, რომ არა მარტო სხვა ადამიანებში დავინახოთ ჩვენი დედმამიშვილები, არამედ სიცოცხლის ნებისმიერ გამოვლინებაში, რომელიც კი ამ სამყაროში არსებობს. ადამიანები ადამიანებად ვერ ვივარგებთ, თუ სისასტიკესა და უგულობას ვიჩენთ ჩვენი ოთხფეხა მეგობრებისადმი, თუ ზოგადად ცხოველებისა და ფრინველებისადმი, თუ იმ ყველაფრის მიმართ, რაც ღმერთს შეუქმნია უთვალავის ფერითა.
ეს არის საღვთო სამართლიანობის ნაწილ, რადგან სამართლიანობა ყველასთან და ყველაფერთან მიმართებაში არის ნება ღმერთისა, რომელმაც მკვდრეთით აღადგინა იესო ქრისტე - მაცხოვარი ჩვენი.
აღდგომის შანსი
ამაღამ, როცა სააღდგომო სანთელს დავიჭერთ ხელში, მოდით, კარგად გავიაზროთ, რომ ქრისტეს ნათელი უსათუოდ დაჯაბნის ტირანიისა და უგულობის სიბნელეს. ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ ამაოდ არ ჩაივლის ჩვენი „განწირულის სულისკვეთება“. მშვიდობა, სამართლიანობა და სიყვარული უსათუოდ გაიმარჯვებს.
ხოლო ვისაც გასული წლის აღდგომიდან ამ აღდგომამდე -
ვინმე დაგვიჩაგრავს,
ვინმეზე ხელი აგვიწევია,
ვინმე გვიწამებია,
ვინმეს უსამართლოდ მოვქცევივართ,
ვინმე დაგვიზიანებია,
ვისაც ვინმე უჯამაგიროდ და ულუკმაპუროდ დაგვიტოვებია,
ვისაც ქვრივ-ობოლი დაგვიჩაგრავს,
ვინმესთვის უსამართლო განაჩენი გამოგვიტანია,
ვისაც სამართალი გაგვიმრუდებია,
ვინც ვინმეს თავს დავსხმივართ,
ვისაც სამშობლოს მოყვარული ახალგაზრდები ციხეში შეგვიყრია,
ვისაც ღვარძლი და გესლი გვინთხევია,
ვისაც თეთრი შავად გაგვისაღებია და შავი - თეთრად,
ვისაც მტრობა და სიძულვილი გვითესია,
ვისაც მეგობარი მტრად წარმოგვიჩენია და მტერი - მეგობრად,
ახლა გვაქვს შანსი, რომ დავფიქრდეთ, შევინანოთ, პატიება ვითხოვოთ, სამუდამოდ ხელი ავიღოთ უსამართლობაზე და ღირსი გავხდეთ, რათა გულ-ალალადა ვთქვათ: ქრისტე აღდგა!
აღდგომის ლიტანია
აღდგომა სამართალია - უსამართლოდ ჩაგრულთათვის,
აღდგომა ძალაა - სამართლიანობისათვის მებრძოლთათვის,
აღდგომა აღზევებაა - დამცირებულთათვის,
აღდგომა საზრდოა - მშიერთათვის,
აღდგომა წყალია - მწყურვალთათვის,
აღდგომა ნუგეშია - სასოწარკვეთილთათვის,
აღდგომა ძალაა - უძლურთათვის,
აღდგომა ძალაა - ძალაგამოცლილთათვის,
აღდგომა სილაღეა - თავისუფლების მაძიებელთათვის,
აღდგომა გამარჯვებაა - მშვიდობის მოყვარულთათვის,
მალხაზ სონღულაშვილი
აღდგომა ქრისტესი, 2025