კორონავირუსი საქართველოში

ჩიქოვანი: მკაცრად დაიცავით გადაადგილების შეზღუდვა, რომელიც 9 საათიდან ამოქმედდება

პრემიერმინისტრის პრესსპიკერი, ირაკლი ჩიქოვანი მოქალაქეებს მოუწოდებს, მკაცრად დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში გამოცხადებული გადაადგილების შეზღუდვა, რომელიც დღეს, საღამოს 9 საათიდან ამოქმედდება და იმოქმედებს დილის 6 საათამდე.

დადგენილი წესის დარღვევის შემთხვევაში ფიზიკურ პირებს 3 000 ლარიანი, ხოლო იურიდიულ პირებს 15 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრებათ.

"ასე იქნება მთელი საგანგებო პერიოდის განმავლობაში. ჩვენი მოწოდებაა, ყველამ დავიცვათ ის შეზღუდვები, რომელიც ძალაში შედის, დღეს 21:00 საათიდან", - ამბობს ჩიქოვანი.

შეგახსენებთ, რომ დღეიდან, 31 მარტიდან - 21 აპრილამდე ცხადდება ე.წ კომენდატის საათი, 21:00-დან დილის 06:00-მდე იკრძალება ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება.

ამ პერიოდში მოძრაობა მხოლოდ იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს შეეძლებათ, რომლებსაც შესაბამისი საშვი ექნებათ, მაგალითად ბიზნესის, მედიის წარმომადგენლებს და იმ მოქალაქეებს, რომლებიც ამ პერიოდში მუშაობენ.

კომენდატის საათის დროს იმუშავებს მხოლოდ აფთიაქები.

კომენტარები