კორონავირუსი საქართველოში

გახარია: ვირუსის მარტივ შემთხვევებს სახლში, ოჯახის ექიმის დახმარებით უნდა გავუმკლავდეთ

მთავრობის ადმინისტრაცია

პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, უახლოეს ორ დღეში ოჯახისა და სოფლის ექიმების გადამზადდებიან, რადგან ის ადამიანებმა, რომელთა შემთხვევაშიც ახალი კორონავირუსი შედარებით მსუბუქი ფორმებით ჩაივლის, სახლში იმკურნალონ. 

გახარიას თქმით, ამის მიზანია, რომ რისკის ჯგუფში მყოფი ადამიანებისთვის, იქნება ეს ასაკოვანი, თუ რთული ქრონიკული დაავადების მქონე ადამინები, მაქსიმალურად დიდი რესურსი დარჩეს. 

"მაშინ, როდესაც ახალგაზრდები ამ ვირუსს მარტივად გავუმკლავდებით, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ იმ შემთხვევებში, როდესაც ეს ვირუსი მძიმედ არ მიმდინარეობს, მარტივად უნდა გავუმკლავდეთ ამას სახლის პირობებში და ამაში უნდა დაგვეხმაროს ჯანდაცვის სისტემა და სწორედ ოჯახისა და სოფლის ექიმები,"- თქვა გახარიამ. 

პრემიერმინისტრმა ამის შესახებ მთავრობის სახლში გამართული ბრიფინგის შემდეგ ისაუბრა. ბრიფინგზე გახარიამ ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყანაში ფაქტობრივი საკარანტინო რეჟიმი გამოაცხადა და ე.წ კომენდანტის საათი დააწესა საღამოს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე. 

ამ დრომდე, 21 მარტიდან ქვეყანაში მხოლოდ საგანგებო მდგომარეობა მოქმედებდა და კარანტინის რეჟიმში ორი მუნიციპალიტეტი, მარნეული და ბოლნისი იყო. 

30 მარტის 18:00 საათის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსი 100 ადამიანს აქვს დაუდასტურდა, საიდანაც 18 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინში 4 978 ადამიანი იმყოფება. 

კომენტარები