ჯასტინ ტრუდოს ცოლი ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

Getty Images

კანადის პრემიერმინისტრის, ჯასტინ ტრუდოს ცოლი, სოფი გრეგუარი ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა - ამის შესახებ მან საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა.

"მინდა რომ სიახლეები გაგაცნოთ: თავს ბევრად უკეთ ვგრძნობ, ჩემი ექიმისგან გავიგე, რომ გამოვჯანმრთელდი.

მთელი გულით მსურს მადლობა გადაგიხადოთ მათ, ვინც დამიკავშირდით კარგი სურვილებით. ასევე, ყველას, ვინც ახლა ებრძვის [ვირუსს], ჩემს სიყვარულს ვუგზავნი", - წერს სოფი გრეაგუარი.

მისივე თქმით, მას სჯერა რომ მეცნიერება და ერთმანეთის თანაგრძნობა აუცილებლად დაგვასრულებინებს კრიზისს.

"გამოწვევებით სავსე დროა. ვიცი, არ არის ადვილი მარტო ყოფნა - სოციალური არსებები ვართ, მათ შორის მეც! თუმცა, ფიზიკური დისტანციის გაზრდის გამო, ემოციური დისტანციაც არ უნდა გავზარდოთ. სოციალური ქსელებიდან უბრალო მობილურ ტელეფონამდე, ძალიან ბევრი გზა არსებობს, რომ ვიყოთ ერთმანეთთან კავშირზე და გავიღრმავოთ ურთიერთობები, სანამ განცალკევებულები ვართ", - წერს სოფი გრეგუარი.

სოფო გრეგუარს ახალი კორონავირუსი 12 მარტს დაუდასტურდა. მას შემდეგ, რაც მას ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები გამოუვლინდა, კანადის პრემიერმინისტრი თვითოზოლაციაში გადავიდა.

კომენტარები