კორონავირუსი საქართველოში

ბოკერია ეკლესიაზე: შეზღუდვა ყველაზე უნდა გავრცელდეს, წერტილი

ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია საპატრიარქოს ახალ განცხადებას ეხმაურება, რომელიც ახალი კორონავირუსის გავრცელების რისკის მიუხედავად, ღვთისმსახურებისა და ზიარების წესებს არსებითად არ ცვლის. 

"თუ საზოგადოებამ და მთავრობამ, რომელიც მის ნებას უნდა გამოხატავდეს, განსაკუთრებით ასეთ ვითარებაში, ჩათვალა აუცილებლად შეკრებებისა და ფიზიკური კონტაქტის შეზღუდვა, რომელიც შეიცავს გადადების მაღალ რისკებს, ეს უნდა გავრცელდეს ყველაზე. წერტილი,"- ამბობს ბოკერია. 

დეპუტატის განმარტებით, ნებისმიერ სხვა შემთხვევაში პირიქით შედეგს მივიღებთ - ერთი მხრივ, შეიქმნება უსამართლობისა და უთანასწორობის განცდა, ხოლო, მეორე მხრივ, ვერ მოხდება ეპიდემიის გავრცელების რისკის შეკავება. 

"პოლიტიკოსების საქმე არ არის თეოლოგიისა და რწმენის საკითხებში ღრმად შესვლა, მაგრამ რაღაც ლოგიკა და საღი აზრი უნდა არსებობდეს. თუ ჩვენივე, ქრისტიანული, მართლმადიდებელი ეკლესიის რწმენის მქონე ამავე ეკლესიის ნაწილი მღვდელმსახურები უცხოეთში ემორჩილებიან იქ წესებს და ამით არ ღალატობენ რწმენას, მაშინ ეს მოწოდება, რომ აქ თურმე, ეს რწმენის ღალატი იქნება, რანაირადაა ან ლოგიკური, ან პასუხისმგებლობის მქონე,"- თქვა ბოკერიამ. 

ევროპული საქართველოს ლიდერის თქმით, საზოგადოებამ რამდენიმე სამღვდელო პირისგან, რომლებიც თავისუფალ სამყაროში მოღვაწეობენ, ძალიან საღი და სამოქალაქო თვალსაზრისით გამართული განცხადებაც მოისმინა. 

"ეგ პოზიცია არის ის პოზიცია, რასაც ელოდება საზოგადოება,"- თქვა გიგა ბოკერიამ. 

ახალი კორონავირუსის გაზრდილი რისკის ფონზე არაერთმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ საჯარო ღვთისმსახურებებისა და წესების აღსრულება შეაჩერა - მათ შორის, მსოფლიო საპატრიარქომ, თუმცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არც ღვთისმსახურებებს აჩერებს და არც ზიარების წესს ცვლის.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან მეორე დღეს, 22 მარტს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმრავლესობაში საკვირაო წირვა აღევლინა, მათ შორის სამების ტაძარში, რომლის შემდეგაც მორწმუნეებმა ერთი კოვზით ზიარება მიიღეს

კომენტარები