სომხეთში ახალი კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა დადასტურდა, სულ ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა.
კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად, 16 მარტს, სომხეთის მთავრობამ ქვეყანაში სპეციალური ზომები შემოიღო და 30-დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
მთავრობის მიერ შემოღებულ სპეციალურ ზომებში შედის მოსახლეობისათვის ქვეყნიდან გასვლის აკრძალვა. სომხეთში არ შეუშვებენ იმ ქვეყნებიდან მომავალ პირებსაც, სადაც ეპიდემია მძვინვარებს. საგანგებო ზომები ძალაში 16 მარტიდან შევა და 16 აპრილამდე იმოქმედებს.
მოცემულ პერიოდში აიკრძალა საჯარო გამოსვლები, გაფიცვები, საჯარო ღონისძიებები, მათ შორის რელიგიური ცერემონიები, კონცერტები, გამოფენები, სპორტული და გასართობი ღონისძიებები. კანონის მიხედვით საჯარო შეკრებად ითვლება 20 და მეტი ადამიანის თავყრილობა.





