საპენსიო რეფორმა

თურნავა ევსაქებს: კორონავირუსი დასრულდება, პენსია და პენსიონერების პრობლემები მუდმივია

საქართველოს მთავრობა

"კორონავირუსის ეს გამოწვევა დასრულდება ადრე თუ გვიან, მაგრამ პენსია და პენსიონერების პრობლემები არის მუდმივი, აქედან გამომდინარე, ყველა უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს განცხადებებს" - ასე გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა, ევროპული საქართველოს ინიციატივას, რაც ე.წ საპენსიო ფონდის პროგრამის 8 თვით შეჩერებას ითვალისწინებს. მისი თქმით, ოპოზიცია პასუხს მხოლოდ თავის განცხადებებზე აგებს, "პასუხისმგებლიანმა ხელისუფლებამ" კი, ყველა ნაბიჯი უნდა გათვალოს.

"პოლიტიკოსები, რაოდენ კეთილი მიზნებიც არ უნდა ამოძრავებდეთ, აგებენ პასუხს მხოლოდ თავიანთ განცხადებებზე და ჩვენ პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ვართ. თითოეული ჩვენი ნაბიჯი უნდა იყოს გათვლილი, ვინაიდან არ ვიცით, რა დროს წაიღებს ამ პრობლემის გადალახვა. ადრე თუ გვიან გადავლახავთ, მაგრამ დროსთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, არ გვაქვს ზუსტი სურათი, ამიტომ რესურსულად უნდა გავთვალოთ სწორად, როგორ და რანაირად მოვახერხებთ ამა თუ ნაბიჯის გადადგმას და რა იქნება ამის დაფინანსების წყაროები" - ამბობს მინისტრი.

ნათია თურნავას აზრით, საქართველო კორონავირუსის პრობლემას მოერევა, მაგრამ "ისეთი გადაწყვეტილებები დღეს არ უნდა მივიღოთ, რომელიც მომავალში გაგვირთულებს ნორმალური ფუნქციონირების რეჟიმისკენ დაბრუნებას, მაგალითად, საპენსიო რეფორმის ჩამოშლას".

ევროპულმა საქართველომ 16 მარტს მთავრობას მიმართა და მოუწოდა, სავალდებულო საპენსიო შენატანები 8 თვით შეჩერდეს. პარტიის განცხადებით, ამის შედეგად დასაქმებულების ჯიბეში 108.2 მილიონი ლარი დარჩება, რასაც თავიანთი მზარდი ხარჯების დასაფარად გამოიყენებენ. ინიციატივაზე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ თქვა, რომ "ამას მთავრობა ერთობლივად განიხილავს და შესაბამისი უწყება გააკეთებს ამასთან დაკავშირებით კომენტარს".

კომენტარები