ვასილევა: რუსეთში COVID-19-ით ინფიცირებულებს პნევმონიის დიაგნოზით ნიღბავენ, რიცხვს ამცირებენ

The Moscow Times

პროფკავშირის "ექიმების ალიანსი" აქტივისტი და ექიმი ანასტასია ვასილევა ამბობს, რომ რუსეთში ხელისუფლება ცდილობს, ხელოვნურად შეამციროს კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი და სიმპტომების მქონე პირებს პნევმონიის მქონე პაციენტებად ნიღბავს. 

ვასილევამ "ექიმების ალიანსის" ოფიციალურ YouTube-არხზე ვიდეომიმართვა 10 მარტს გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ გარდა იმისა, რომ ხელისუფლება მუდმივად იტყუება კორონავირუსთან დაკავშირებით, ახლა თავიანთი უპასუხისმგებლო მოქმედებებით, ხელს უწყობენ კიდეც მის გავრცელებას. 

"ჩვენ მოგვმართავენ ექიმები იმ საავადმყოფოებიდან, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულთა სამკურნალო ცენტრები იქმნება. ნაცვლად იმისა, რომ ამის შესახებ გულწრფელად ისაუბრონ, ხელისუფლება ნიღბავს სტაციონარების ნამდვილ დანიშნულებას და ამას რაღაც პნევმონიით დაავადებული ადამიანების სამკურნალო ცენტრებს უწოდებს,"- ამბობს ვასილევა. 

აქტივისტის ინფორმაციით, კერძოდ მუხინის სახელობის საავადმყოფოში უკვე 240 ასეთი სტაციონარი მოამზადეს. 

"ამ ამბის მთელი საშინელება ის არის, რომ ექიმები არ არიან აღჭურვილები არანაირი სპეციალური საშუალებებით და მათთან არაფერი განუხილავთ, არანაირი შეთანხმებისთვის ხელი არ მოუწერიათ,"- ამბობს ვასილევა. 

ვიდეოში გამოყენებულია მუხინის საავადმყოფოს ერთერთი ექიმის სატელეფონო კომენტარი, რომელიც ანონიმურად ყვება, რომ ექიმებს არ აქვთ არაფერი - არც ნიღბები, არც ხელთათმანები და არც სხვა დაცვის საშუალებები. 

"სხვა დარგების სპეციალისტებს, როგორებიც არიან ნევროლოგები, კარდიოლოგები და ენდოკრინოლოგები, აიძულებენ იმუშავონ პნევმონიის მქონე პაციენტებთან,"- ყვება ექიმი კომენტარში. 

ანასტასია ვასილევას თქმით, მათ პროფკავშირს ურეკავ თერაპევტები, კარდიოლოგები და სხვა დარგის სპეციალისტები შეწუხებულები იმით, რომ მათ კორონავირუსით ინფიცირებულებთან სპეციალური დაცვის საშუალებების გარეშე უწევთ იმუშაონ. ვასილევა ვარაუდობს, რომ ხელისუფლების ასეთი ქცევის მიზანი ისაა, რომ ხელოვნურად შეამციროს პრობლემის მასშტაბი და არ გამოიწვიოს პანიკა. 

"ასეთი კონსპირაციის შედეგი ის იქნება, რომ კორონავირუსისგან გამოსაჯანმრთელებელი ცენტრი კორონავირუსის გამავრცელებელი ცენტრი გახდება,"- ამბობს ვასილევა. 

რუსეთის ხელისუფლების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 145-მილიონიან ქვეყანაში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების რიცხვი 66-ია. 

კომენტარები