საარჩევნო შეთანხმება

მარგველაშვილი შეთანხმებაზე: ისეთი ავტორიტეტი ჩამოაყალიბა ოცნებამ, რომ სიტყვაზე ვერ ენდობი

მთავარი არხი

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის თქმით, თუ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შემდგარი შეთანხმება დაირღვევა, ეს კატასტროფის მომტანი იქნება. 

მარგველაშვილის თქმით, ქვეყანაში პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ. 

"ისეთი ავტორიტეტი ჩამოაყალიბა "ქართულმა ოცნებამ" თავის თავზე, რომ სიტყვაზე უბრალოდ ვერ ენდობი. ძალიან სამარცხვინოა ამის თქმა, მაგრამ ამის თქმა შემიძლია. არიან ადამიანები, რომლებიც არიან თაღლითები, მაგრამ თაღლითებსაც გააჩნიათ რეალობის განცდა. ახლა კიდევ ერთხელ რაღაც ტრიუკი, უკვე მგონი კატასტროფას დააყენებს. როგორ შეიძლება ნორმალური საარჩევნო გარემო იყოს იმ ქვეყანაში, სადაც პერიოდულად პოლიტიკოსებს ან იჭერენ, ან მათზე საქმეს აღძრავენ, ან მუდმივად ისინი არიან შანტაჟის ობიექტები. მიღწეულია ის, რომ ამ ადამიანებმა უნდა დატოვონ ციხე,“ - თქვა გიორგი მარგველაშვილმა.  

8 მარტს ამერიკის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მანდატების 120/30 გადანაწილებით ჩატარდება.

"პარლამენტი შედგება პროპორციული წესით არჩეული 120 და მაჟორიტარული წესით არჩეული 30 დეპუტატისგან. პროპორციულ ნაწილში ბარიერი 1% იქნება", - წერია შეთანხმების ტექსტში.

აქვე აღნიშნულია, რომ ოლქების განაწილება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად უნდა მოხდეს.

ასევე, შეთანხმება პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას გულისხმობს.

პროპორციულთან მაქსიმალურად დაახლოებული საარჩევნო სისტემა - ეს იყო ოპოზიციის ერთი მთავარი მოთხოვნა ხელისუფლებასთან დიალოგში, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასთან ერთად, რაზეც შეთანხმება ასევე მიღწეულია.

კომენტარები