კორონავირუსი

BOG: კორონავირუსით ინფიცირებული ჩვენი თანამშრომელია, პრევენციისთვის პროცედურები ტარდება

partner.sciencenorway.no

31 წლის ქალი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, საქართველოს ბანკის თანამშრომელია. ბანკის სანზონის ფილიალი პრევენციის მიზნით დროებით დაკეტილია. ინფიცირებული ქალი იტალიიდან საქართველოში 26 თებერვალს დაბრუნდა, 27 თებერვალს კი, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს მიმართა.

"დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან აქტიური კომუნიკაციით, პროაქტიულ რეჟიმში იდენტიფიცირებულია ყველა ის ადამიანი, ვისთანაც ინფიცირებულს ჰქონდა კონტაქტი. ამ ეტაპზე პრევენციის მიზნით ხორციელდება უსაფრთხოების ნორმების შესაბამისი პროცედურები“, - აცხადებს საქართველოს ბანკი. 

ამ დროისთვის საქართველოს ორ მოქალაქეს აქვს კორონავირუსის ინფექცია დადასტურებული, ერთი 50 წლის კაცია, რომელიც ირანში იმყოფებოდა, ხოლო მეორე - 31 წლის ქალი, რომელიც იტალიაში ჯგუფთან ერთად მოგზაურობდა. ორივე მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მათ ჩივილები არ აქვთ და ექიმების თქმით, "მკურნალობაც არ სჭირდებათ". ისინი ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში იმყოფებიან.

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ რამდენიმე პაციენტს აუღეს ლაბორატორიული სინჯი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის მესამე შემთხვევაც დადასტურდეს.

კომენტარები