გიორგი ნონიაშვილი

გიორგი ნონიაშვილი: გვაქვს თავის დაცვის უფლება?

რამდენიმე დღის წინ გუდაურში ცეცხლსასროლი იარაღით კაცი მოკლეს. ერთიც დაჭრეს. თუმცა, ეს მშრალი წინადადება არ გადმოსცემს ამბავს.

ჯერ არ ვიცით ეს დრამა რა მიზეზით დაიწყო, მაგრამ სადღაც შუაში ხუთი ადამიანი აედევნა ერთს და გალახა. ის ერთი გაეცალა. შემდეგ კვლავ იგივე გაიმეორეს. კვლავ გაეცალა. მესამე ჯერზე კი, იმ ერთმა გალახულმა ცეცხლი გაუხსნა ხუთეულს.  

ეს საქმე ერთ მნიშვნელოვან კითხვას აჩენს: გვაქვს თუ არა თავის დაცვის უფლება?

ცივილიზებულმა სამყარომ შექმნა სისტემა, სადაც ექსკლუზიური მოძალადე სახელმწიფო უნდა იყოს. ჩვენ დავთმეთ ჩვენი ნაწილი უფლებები საყოველთაო წესრიგის სასარგებლოდ, რათა არ გვეცხოვრა ქაოსში აუცილებელი მოგერიების წესები ამ სოციალურ კონტრაქტზე ბევრად ადრინდელი კულტურის ნაწილია. მართალია, ჩვენ შევთანხმდით, რომ სახელმწიფო არის ჩვენი დამცველიც და ჩვენზე მოძალადეც, მაგრამ ხანდახან (ხშირად თუ არა)  მარტოც ვრჩებით ხოლმე დახმარების გარეშე. ამ საფრთხის გამო, თავის დაცვასთან დაკავშირებული ჩვეულებები, ადათ-წესები არსად გამქრალა და უკეთეს შემთხვევაში, ცივილიზებული სისხლის სამართლის ცნებებად გარდაიქმნა. 

ინტერესების ბალანსის თეორიის მიხედვით, თავდასხმისას, მომგერიებელს არ აქვს შეუზღუდავი მოქმედების უფლება. ყველა მისი ქმედება უნდა იყოს აუცილებლობით განპირობებული, მისი სოციალური ინტერესების დასაცავად. თავდამსხმელი არ კარგავს საკუთარ უფლებებს თავდასხმის მომენტშიც. სხვაგვარად რომ ვთქვათ, გადარჩენილი სიკეთე უფრო მეტი უნდა იყოს, ვიდრე გაწირული.  

ამ ბალანსის მცდელობაში შესაძლოა თანაბარი სიკეთეები დაუპირისპირდეს ერთმანეთს. მაგალითად, თუ ან მომგერიებელმა ან თავდამსხმელმა უნდა იცოცხლოს,  მაშინ მომგერიებლის თავის დაცვა და სიცოცხლე უფრო მნიშვნელოვანი გამოდგება.  

ამისგან განსხვავებით, უფლებების კონფისკაციის თეორიის მიხედვით, თავდასხმისას, თავდამსხმელი კარგავს ყველა უფლებას. აქ არ დაითვლიან რამდენად პროპორციულია მომგერიებლის პასუხი.  მას შეუძლია თავდამსხმელის სიცოცხლის შეზღუდვაც, თავის დასაცავად. 

ასეთ საკითხებზე მსჯელობისას ჩვენ ვფიქრობთ არამარტო სამართალზე, არამედ სამართლიანობაზეც, ანუ მორალურ ელემენტებზე. ამიტომაც, იქ სადაც თავის დაცვაა, არ არსებობს მართლწინააღმდეგობა.

თავის დაცვა ადამიანის თანდაყოლილ უფლებად შეიძლება განვიხილოთ. ღირსების უფლება ყველაზე ვრცელი კატეგორიაა, ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს შორის. საქართველოს კონსტიტუციის ადამიანის უფლებების თავიც თხრობას ღირსების ხელშეუვალობიდან იწყებს. თავისი არსით, თავის დაცვა ღირსების და სიცოცხლის დაცვაა. 

ჩვენს, ქართულ რეალობაში კაცებსაც და ქალებსაც უწევთ შიშველ ძალადობასთან შეჯახება. მოძალადეები კი მეტად გამბედავები არიან. მათ არ აქვთ უფლების კონფისკაციის შიში. 

2200 წლის წინ კი, ციცერონი ამბობდა რომ: "თუ ჩვენს სიცოცხლეს საფრთხე, ძალადობა, ყაჩაღობა ან მტრის იარაღი ემუქრება, მაშინ დაცვის ყველა საშუალება გამართლებულია. დაე , კანონი დადუმდეს იარაღის ჟღარუნში და ნუ მოგვთხოვენ ველოდოთ მას, თუკი ის, ვინც კანონს დაელოდება, უფრო ადრე გახდება უკანონობის მსხვერპლი, ვიდრე სხვას კანონით დათრგუნავდეს". 

აგრესორისგან ყოველი აუცილებელი მოგერიება ნიშნავს რომ სახელმწიფომ მოქალაქე ვერ დაიცვა და მას თავად უწევს საკუთარი თავის დაცვა. თუმცა, აქვე ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ აგრესორი შესაძლოა თავად სახელმწიფო იყოს.  მაგალითად, თუ პოლიციელი გვირტყამს, უკანონოდ გვიზღუდავს გადაადგილების შესაძლებლობას, იარაღს და ნარკოტიკებს გვიტენის ჯიბეში, შეგვიძლია დავიცვათ თავი?

- მანკიერი პრაქტიკის და 1984 წელს მიღებული, (საბჭოთა) ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით სახელმწიფო ცდილობს მისთვის ყოველი წინააღმდეგობის გაწევა და თავის დაცვა დანაშაულად გააფორმოს.

უკანონო სურვილებისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერ ჩაითვლება დანაშაულად. მეტიც, კანონიერი სურვილებიც ვერ ჩაითვლება დანაშაულად, თუ ის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს ლახავს. ბოლო 6 თვის განმავლობაში 100-მდე დაკავებულმა სამოქალაქო აქტივისტმა იდავა სასამართლოში ამ საკითხზე. 

სასამართლომ უნდა აწონ-დაწონოს გუდაურის შემთხვევის ჩვენთვის უცნობი და ნაცნობი საქმის დეტალებიც. მასზე დამოკიდებული რამდენად ჩაითვლება თავის დაცვა ლეგიტიმურად. არასანდო სასამართლოს პირობებში კი ნაფიც მსაჯულთა პროცესის მოთხოვნით სამართლიანობა უფრო დაცული იქნება.  მართლმსაჯულების სისტემა არის ამ საკითხის პირამიდის წვერი. 

ადამიანს თავის დაცვის უფლება აქვს ყველგან, სადაც მისი ღირსება ილახება.  ჩვენ შეგვიძლია თავი დავიცვათ იქ, სადაც სახელმწიფოს გარეშე, პირისპირ ვრჩებით მოძალადესთან, თავდამსხმელთან. შეგვიძლია თავი დავიცვათ იქაც, სადაც თავად სახელმწიფოს მანტიაში გამოწყობილი პირია აგრესორი. 

კომენტარები