გიორგი ნონიაშვილი

გიორგი ნონიაშვილი: რა ხდება აფხაზეთში? COVID-19 და საპრეზიდენტო არჩევნები

ეპიდემიური საფრთხეების ფონზე, ყურადღების გარეშეა დარჩენილი აფხაზეთის პოლიტიკური პროცესები, რომელიც მჭიდროდ გადაჯაჭვულია COVID-19-ის გავრცელებასთან. 

2019 წლის შემოდგომაზე, აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში კვლავ "კრემლის კაცმა" რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა. საზოგადოებრივი პროტესტის და თითქმის რევოლუციური სცენარის განვითარების შემდეგ, ხელახალი არჩევნები 2020 წლის გაზაფხულზე დაინიშნა. კრემლი ცდილობდა ვიზუალურად მაინც, თამაშგარე მდგომარეობაში ყოფილიყო, გაზაფხულის არჩევნებზე კი არცერთი კანდიდატისთვის მხარი არ დაუჭერია, როგორც ეს ადრე, ხაჯიმბას შემთხვევაში მოხდა. 

22 მარტს, მაშინ, როდესაც საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ერთი დღის  გამოცხადებული იყო, მთელს მსოფლიოში კი პანდემიასთან ბრძოლა აქტიურ ფაზაში შესული,  არაკონტროლირებად აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა და მასში ასლან ბჟანიამ გაიმარჯვა. ის აფხაზეთის ყოფილი ე.წ. პრეზიდენტის ანქვაბის ჯგუფის წევრია და რაულ ხაჯიმბასგან განსხვავებით, აფხაზი ნაციონალისტების მხარდაჭერილია. ე.წ. არჩევნებში მონაწილეობა კვლავ არ მიუღია ეთნიკურად ქართულ მოსახლეობას. მათ აფხაზური ე.წ. პასპორტები არ აქვთ. 

აფხაზეთის მოსახლეობამ და პოლიტიკურმა ელიტამ თვალი დახუჭა ეპიდემიურ საფრთხეებზე. COVID-19-ის გამო არჩევნების გადადება ხელისუფლების მოვალეობის შემსრულებლებისთვისაც (ხაჯიმბას მთავრობა) და ოპოზიციისთვისაც კვლავ პოლიტიკურ კრიზისში დაბრუნების მოლოდინებს ქმნიდა. მკაფიო საფრთხის მიუხედავად, აფხაზმა პოლიტიკოსებმა ამომრჩევლები მაინც მიიყვანეს საარჩევნო ყუთებთან. მათ ეს საფრთხეები გააზრებული ჰქონდათ. ამაზე მიუთითებს არჩევნებამდე დროებითი საკარანტინო რეჟიმის გატარება (სასწავლო დაწესებულებების დათხოვნა, საზღვრების ჩაკეტვა, დეზინფექცია და ა.შ.), ე.წ. არჩევნების ჩატარებიდან 5 დღის შემდეგ კი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება. 

ოფიციალურად, აფხაზეთში კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, რაც ერთი შეხედვით, გაუგებარს ხდის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საჭიროებას. მსოფლიოში გავრცელებულ ვირუსში ახალმა ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ სარგებელის მიღების შესაძლებლობაც დაინახა. მისი აზრით, ამ პირობებში აფხააზეთში ტურისტული ნაკადი გაიზრდება.

პარალელურად, აფხაზეთის მოსახლეობის ისედაც დამძიმებულ ეკონომიკურ მდგომარეობას COVID-19-თან ერთად ე.წ. ნავთობის კრიზისი და რუსული რუბლის გაუფასურება დაემატა. საკურორტო სეზონის ჩავარდნის შემთხვევაში (რომელიც აფხაზი მოსახლეობის ძირითადი შემოსავლის წყაროა) მოსახლეობა, შეიძლება ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავარდეს. 

აფხაზეთის ე.წ. მთავრობა და აფხაზეთის წამყვანი ექიმები მოსახლეობას არწმუნებენ, რომ საფრთხე არ ემუქრებათ და რომც დაფიქსირდეს ვირუსი, მას მარტივად გაუმკლავდებიან.  თუმცა, აფხაზეთშიც კი ნათელია, რომ ეს ტყუილია. ამასთან, აფხაზეთის ე.წ. მთავრობა არ ავრცელებს ცნობებს, თუ რამდენი პაციენტია ვირუსთან დაკავშირებით კლინიკებში/საკარანტინო რეჟიმში მოთავსებული. COVID-19 შემთხვევების არ არსებობა კი რბილად რომ ვთქვათ სკეფსისს იწვევს.

რუსეთი დუმს აფხაზეთზე. როგორც ჩანს, აფხაზეთს რუსეთის დახმარების იმედი არ უნდა ჰქონდეს ეპიდემიასთან ბრძოლაში და ინფიცირებულების მკურნალობა აფხაზეთშივე მოუწევთ.  რუსეთის ფედერაცია ჯერჯერობით მას მხოლოდ ლაბორატორიული ტესტირებებით ეხმარება. აფხაზეთში COVID-19 ვირუსის გამოვლენა შეუძლებელია. ისინი სტავროპოლის ლაბორატორიაში აგზავნიან მასალებს, რაც ვირუსის გამოვლენის დროს კიდევ უფრო ახანგძლივებს. 

ახლადგამოცხადებულმა საგანგებო მდგომარეობამ რუსეთთან საზღვარიც სრულად დაკეტა. თუმცა, მანამდე 1 თვის განმავლობაში, ვირუსისგან გაქცევის მიზნით, აფხაზეთში რუსეთში მცხოვრები აფხაზებისა და რუსეთის მოქალაქეების დიდი რაოდენობა ჩავიდა. გალში კომენდანტის საათია გამოცხადებული, საოკუპაციო საზღვრის გადაკვეთის მცდელობების გამო. ენგურთან გამშვები პუნქტი ჩაკეტილია და გალელებს არ ეძლევათ ჩვენ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის საშუალება. 

პარალელურად, ენგურთან, სოფელ რუხში, 200 საწოლიანი საავადმყოფო ამოქმედდა და  ვირუსის სამკურნალო და საკარანტინო ზონად მოეწყო. საქართველოს პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ოკუპირებული აფხაზეთიდან უამრავი ადამიანი გადმოდის და საავადმყოფო მოემსახურება ყველას, ვინც საოკუპაციო ზოლს გადმოკვეთს და სამედიცინო დახმარება, საკარანტინო ზონა დასჭირდება. 

ახლადგაპრეზიდენტებულ ასლან ბჟანიას ე.წ. არჩევნებამდე ყველაზე რბილი რიტორიკა ჰქონდა საქართველოზე. ის გაყინულ ურთიერთობებს არ ემხრობა და სტრატეგიულ საკითხებზე დიალოგის პროცესს ამჯობინებს. ის ასახელებს საკითხებს, რომლის გამოც მჭიდრო კავშირები არსებობს ორ მხარეს შორის. მათ შორის, არის აფხაზი მოსახლეობის გადმოსვლა კვალიფიციური სამედიცინო დახმარების მისაღებად.

ეს უკანასკნელი საკითხი დღესდღეობით აფხაზეთისთვის შეიძლება ისეთი მნიშვნელოვანი გამოდგეს, როგორც არასდროს. როგორი იქნება ოკუპირებული აფხაზეთისა და ოფიციალური თბილისის ურთიერთობა ეპიდემიური და ჰუმანიტარული საფრთხეების პირობებში ამას დრო გვაჩვენებს. ფაქტია, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადყოფნას გამოთქვამს ყველას უმკურნალოს, ვინც გადმოკვეთს საოკუპაციო ზოლს, არა მარტო საქართველოს მოქალაქეებს (გალის ქართველ მოსახლეობას).

სოხუმი ძალიანაც რომ იხვეწებოდეს დახმარებას, აფხაზეთში ეპიდემიის რეალური სურათის გამოჩენის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ ლეგიტიმურად შეიძლება ჩათვალოს, რომ ჩვენი მოქალაქეები, მათ შორის გალის მცხოვრებლები, გვყავს მისახედი და მეტი რესურსი არაა.

საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია დახმარების გზა აირჩიოს. გააგრძელოს აფხაზებისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევა ეპიდემიის პირობებშიც. საჭიროების შემთხვევაში კი სოხუმს ჰუმანიტარული დახმარებაც შესთავაზოს. ეს რბილი პოლიტიკა საპასუხოდ არაფერს ითხოვს. როგორც COVID-19-მდე, ისევე მის პირობებში, ის ელოდება, თუ როდის გადაკონვერტირდება ეს დახმარება გრძელვადიან პერსპექტივაში აფხაზების კეთილგანწყობაში. 

არსებობს მესამე გზაც: 

საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია სამედიცინო და ჰუმანიტარული დახმარების სანაცვლოდ სოხუმს "სარგებელი" მოსთხოვოს, მაგალითად, გალის მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობის რადიკალურად გაუმჯობესება. საქართველოს ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვის და გაღარიბების საფრთხეების ფონზე თბილისს უნდა უღირდეს დახმარების ხელის გაწვდენა. ამას ემატება საქართველოს მოქალაქეების შესაძლო უკმაყოფილება. ხელისუფლებას მოსახლეობისთვის (განსაკუთრებით კი სამეგრელოში მცხოვრებლებისთვის და დევნილებისთვის) მოუწევს თავის გადაწყვეტილების ახსნა.

კომენტარები