თავდასხმა გერმანიაში

ჰანაუში ჩილიმ ბარზე თავდამსხმელმა თავდასხმამდე რასისტული შინაარსის მანიფესტი გამოაქვეყნა

Reuters

გერმანიის ჰესენის მხარეში, ქალაქ ჰანაუში მდებარე 2 ჩილიმ ბარზე თავდასხმამდე 43 წლის გერმანელმა კაცმა ონლაინ გამოაქვეყნა მანიფესტი, რომელიც შეთქმულების თეორიებს და რასისტულ შეხედულებებს შეიცავდა.

კაცი ცეცხლსასროლი იარაღით თავს დაესხა ორ ბარს, რასაც 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავდა 6 ადამიანი, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა. თავდამსხმელის და მისი დედის ცხედრები მოგვიანებით პოლიციამ მათ სახლში იპოვა. გამოძიებას მიაჩნია, რომ მან დედა მოკლა და თავი მოიკლა.

თავდასხმისას დაღუპულთაგან 5 ეროვნებით თურქია. ბერლინში თურქეთის ელჩმა გერმანიის მთავრობას სათანადო რეაგირებისაკენ მოუწოდა. გერმანიაში ქურთისტანის თემის კონფედერაციის თქმით დაღუპულთაგან რამდენიმე ეთნიკურად ქურთია და გერმანიის პოლიტიკური ლიდერების არ აკეთებენ საკმარისს ულტრა-მემარჯვენე ექსტრემიზმთან ბრძოლაში. დაღუპულთა შორის არის ერთი ბულგარელი კაციც.

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა "რასიზმის საწამლავი" დაგმო, ვიცე კანცლერმა ოლაფ შოლცმა კი ტვიტერზე დაწერა:

"პოლიტიკურად, ვერავინ უარყოფს, რომ ნაცისტური დიქტატურიდან 75 წლის შემდეგ რეალური ტერორი კვლავ არის."

კომენტარები