NATO

NATO ერაყში საწვრთნელი მისიის გაფართოებას განიხილავს

იენს სტოლტენბერგი
Reuters

NATO ერაყში საწვრთნელი მისიის გაფართოებას გეგმავს ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ აშშ-ის კოალიციის მხარდასაჭერად.

საწვრთნელი მისია, რომლის მიზანსაც ერაყის უშიშროების ძალების გადამზადება წარმოადგენდა აშშ-ის მიერ ირანელი გენერლის ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციის შემდეგ რეგიონში დაძაბულობის გაზრდის გამო დროებით შეჩერდა.

ამის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NATO-ს მოუწოდა მეტი ეკეთებინათ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში.

ამ საკითხს NATO-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები აშშ-ის თავდაცვის მდივანთან მარკ ესპერთან ერთად განიხილავენ. ბრიუსელში 12-13 თებერვალს დაგეგმილი შეხვედრა ახლო აღმოსავლეთში ოპერაციების და მისიების შესაძლებლობების განხილვას დაეთმობა. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თქვა.

"ჩვენ განვიხილავთ კიდევ რის გაკეთება შეუძლია NATO-ს." უთხრა მან ჟურნალისტებს.

NATO-ში აშშ-ის ელჩი ქეი ბეილი ჰაჩინსონი ამბობს, რომ ალიანსი ამ საკითხზე რჩევებს მიიღებს როგორც წევრი ქვეყნების, ასევე ერაყისაგან:

"ჩემი აზრით, ეს ნამდვილად იქნება პასუხი იმაზე, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა მოითხოვა." თქვა მან.

NATO-ს საწვრთნელი მისია 2018 წლის ოქტომბერში ბაღდადში დაიწყო. მასში 500-მდე სამხედრო მოსამსახურეა ჩართული. ისინი საბრძოლო ოპერაციებში არ მონაწილეობენ.

Reuters წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ერაყში NATO-ს პერსონალი რაოდენობა შესაძლოა 2,000-მდე გაიზარდოს, თუმცა ეს რეგიონში ალიანსის ძალების რაოდენობას არ შეცვლის, რადგან მათ საწვრთნელ პროგრამაში სხვა მისიებიდან გადაანაწილებენ.

ტრამპმა რეგიონში NATO-ს როლის გაზრდა 2017 წელსაც მოითხოვა, თუმცა მაშინ მის ინიციატივას მხარი არ დაუჭირეს გერმანიამ და საფრანგეთმა.

კომენტარები