გიგი უგულავას დაკავება

სამნიძე აშშ-ის ელჩთან შეხვედრაზე: ვუთხარი, რომ უგულავა დააპატიმრეს, პოლიტიკური რეპრესიებია

http://eurus.ge/

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ხათუნა სამნიძემ აშშ-ის ელჩთან შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან თქვა, რომ კელი დეგნანს გიგი უგულავას დაკავების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა:

"მე, შეიძლება ითქვას, რომ არ დავსწრებივარ შეხვედრას, შევედი და მივესალმე, გავეცანი და ვუთხარი, რომ არის ასეთი მდგომარეობა, პოლიტიკური რეპრესიები და ამან მიიღო ასეთი მწვავე სახე, რომ წარმოუდგენელიც უნდა წარმოვიდგინოთ უკვე ბიძინა ივანიშვილის პირობებში. მას ვუთხარი, რომ დააპატიმრეს გიგი უგულავა, მთელი ოპოზიცია არის ერთად, გაკეთდა განცხადება, რომ არავითარ მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს და არ გაგრძელდება ასეთ პირობებში, როდესაც ხელისუფლება აგრძელებს პირდაპირ პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრებას, განეიტრალებას და ყველაფერს იმისთვის, რომ ყველა ადამიანს გაუჩნდეს განცდა, რომ ამ ქვეყანაში სიმართლისთვის, სამართლიანობისთვის ბრძოლას აზრი არ აქვს. დარწმუნებული ვარ, მალე დაინახავს ეს ხელისუფლება, რომ ბრძოლას აზრი აქვს და არავინ აპირებს გაჩერებას. მე ვუთხარი ელჩს ამ დგომარეობის შესახებ და ვუთხარი, რომ მე არ შემიძლია ვიყო ამ მიღებაზე, ბოდიში მოვუხადე ამისთვის და მივდივარ ჩემს კოლეგებთან და გავაგრძელებთ მსჯელობას." თქვა მან.

ხათუნა სამნიძეს მიაჩნია, რომ უგულავას დაკავებას მწვავე რეაქცია მოჰყვება:

"როგორც ჩანს ბიძინა ივანიშვილი წერილების ფონზე უფრო შეშინდა და არაადეკვატური გახდა. ასეთი ნაბიჯის გადადგმა ამას მოწმობს. რა თქმა უნდა, ამას მოყვება მწვავე რეაქციები, ამაში დარწმუნებული ვარ, იმიტომ, რომ მთელი ამ ხნის მანძილზე ოპოზიციის წარმომადგენლები ვესაუბრებოდით ჩვენს პარტნიორებს და ვეუბნებოდით, რომ ხელისუფლება არ არ აჩერებს ამ რეპრესიულ რეჟიმს და ყველა ღონეს იხმარს იმისთვის, რომ გააჩეროს თითოეული ის ადამიანი და პოლიტიკური ლიდერი, ვინც გაბედავს და მისი აზრის წინააღმდეგი იქნება."

ელჩთან შეხვედრას ესწრებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლებიც. შეხვედრის დასრულების შემდეგ ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ და თბილისის მერმა კახა კალაძემ პარტია ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი უგულავასთვის უზენაესი სასამართლოს მიერ 3-წლიანი პატიმრობის მისჯაზე ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხეს.

დღეს უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავას ბრალი გადაუკვალიფიცირა და თბილისის ყოფილ მერს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საკასაციო სასამართლომ გიგი უგულავა თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის გაფლანგვაში ცნო დამნაშავედ. ამნისტიის შესახებ კანონის და იმის გამო, რომ უგულავა ციხეში უკვე იჯდა, მას საბოლოო სასჯელად 3 წლით, 2 თვით და 8 დღით პატიმრობა განესაზღვრა.

პროკურატურა უგულავას მისი მერობის პერიოდში თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის გაფლანგვას ედავება.

2018 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ უგულავას თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა, სხვა საქმეზე გამოტანილმა განაჩენმა ახალი განაჩენი შთანთქა და როგორც საქალაქო სასამართლომ, ისე სააპელაციო სასამართლომ უგულავას სასჯელი მოხდილად ჩაუთვალა.

უზენაეს სასამართლოში საქმის წარმოება მას შემდეგ განახლდა, რაც აქ ახალი, უვადო მოსამართლეები დაინიშნნენ. უგულავას საქმეს სწორედ ახლადდანიშნული მოსამართლეები - ყოფილი მთავარი პროკურორი, შალვა თადუმაძე, ასევე ლალი ფაფიაშვილი და მერაბ გაბინაშვილი განიხილავდნენ. ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების ნაწილი ამბობდა, რომ ისინი ე.წ კლანის წევრი მოსამართლეები არიან, რომლებიც ხელისუფლების სასარგებლო გადაწყვეტილებებს მიიღებენ.

გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ დღეს დაუსწრებლად გამოიტანა.

2019 წლის 28 ნოემბერს იმედის ეთერში ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიციის წევრებზე თქვა, რომ "ზოგი წლობით იხდის სასჯელს და კიდევ ბევრს მოუწევს მოხდა". ქართული ოცნების ლიდერის ეს მუქარა ამერიკელი სენატორების და კონგრესმენების წერილებში შეშფოთებით აღინიშნა, როგორც ოპონენტების პოლიტიკური დევნა.

კომენტარები