კახიძე შოთაძის წარდგენაზე: ეს გადაწყვიტა ივანიშვილმა და გააფორმა საპროკურორო საბჭომ

ტაბულა

ოთარ კახიძე საპროკურორო საბჭოს მიერ პროკურორობის ერთ-ერთ კანდიდატად ირაკლი შოთაძის დასახელებას საზოგადოების კიდევ ერთხელ შეურაცხყოფას უწოდებს.

ევროპული საქართველოს წევრის თქმით, ეს არის ბიძინა ივანიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც საპროკურორო საბჭომ გააფორმა.

"ისევე, როგორც შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობა ამას მორჩილად გააფორმებს და ივანიშვილს მეორედ ეყოლება შოთაძე მთავარი პროკურორის რანგში. ეს არის საზოგადოების დაცინვა, შეურაცხყოფა, განსაკუთრებით ხორავას ქუჩის საქმის შემდეგ. ამას დაემატა მისი აღიარება, რომ მაფიოზური საქმის გარჩევას ესწრებოდა და რაც იყო მუქარა ივანიშვილის მხრიდან ხაზარაძის მიმართ. ეს მუქარა შემდგომ სისრულეში იქნა მოყვანილი. ამ ფონზე შოთაძის დაბრუნება არის ისევ და ისევ ქართული საზოგადოების გამოწვევა და ხალხის შეურაცხყოფა. რასაც ქართველი ხალხი არ აპატიებს ივანიშვილს და ეს იქნება კიდევ ერთი წვეთი მოთმინების ფიალაში, რომელიც მალე აივსება და შედეგებს ივანიშვილი არჩევნებზე ნახავს.

არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ივანიშვილის დაკვეთას შოთაძე შეასრულებს, თადუმაძე, ბადაშვილი, ფარცხალაძე თუ ვინმე სხვა, უბრალოდ ეს მიუთითებს, რომ ივანიშვილი არ არის ადეკვატური და საზოგადოების აზრს არ ითვალისწინებს და ყველა ხელისუფლება, ვინც ასე მოქმედებს, ცუდად დაამთავრებს", - ამბობს კახიძე, რომელიც ამავდროულად საპროკურორო საბჭოს წევრიც არის.

საბჭომ დღეს, 6 თებერვალს გენერალური პროკურორობის 4 კანდიდატი შეარჩია, მათ შორის ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძეც. შოთაძემ 12 წევრიდან 10-ის ხმა მიიღო.

პროკურორობის კანდიდატად ასევე დასახელდნენ ვალერიან ვაჭარიძე, დარიკო დორთია და სოფიო შენგელია.

საპროკურორო საბჭო სწორედ ამ 4 კანდიდატიდან შეარჩევს ერთს, რომელსაც შემდეგ იუსტიციის მინისტრი თანხმობის მისაღებად საქართველოს მთავრობას წარუდგენს. საქართველოს მთავრობა ორი კვირის ვადაში თანხმობას აცხადებს ან უარს ამბობს მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე.

თუ საქართველოს მთავრობა მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე თანხმობას არ განაცხადებს, იუსტიციის მინისტრი საქართველოს მთავრობას წარუდგენს საპროკურორო საბჭოს მიერ დამტკიცებულ სხვა კანდიდატურას.

თუ საქართველოს მთავრობა იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილ მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე თანხმობას განაცხადებს, აღნიშნული კანდიდატურა დაუყოვნებლივ წარედგინება საქართველოს პარლამენტს. საქართველოს პარლამენტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით, ფარული კენჭისყრით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს მთავარ პროკურორს.

მმართველი გუნდი ირაკლი შოთაძის მხარდაჭერას გეგმავს.

ირაკლი შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოს საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა 16 იანვარს წარუდგინა.

ირაკლი შოთაძე საქართველოს მთავარი პროკურორის პოსტიდან 2018 წლის მაისში, ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმის გამო დაწყებული აქციების შემდეგ გადადგა, მას შემდეგ, რაც სასამართლომ დაადგინა, პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დავით სარალიძის მკვლელი არ გამოიკვეთა. მოგვიანებით ხორავას ქუჩის საქმის საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამაც პროკურატურის მიერ დარღვევების მთელი რიგი გამოავლინა.

შოთაძე თანამდებობიდან 2015 წლის 27 ნოემბრიდან იკავებდა.

მისი მთავარი პროკურორობის პერიოდს უკავშირდება ციანიდის საქმე, ასევე აფგან მუხთარლის გატაცება - აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, რომელიც 2 წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა და მუშაობდა, 2017 წლის 29 მაისს გაიტაცეს, რის შემდეგაც აზერბაიჯანში დააკავეს. ბაქოს სასამართლომ მას პატიმრობა მიუსაჯა.

მოგვიანებით მუხთარლიმ თქვა, რომ ის თბილისიდან კრიმინალური პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა გაიტაცეს. აფგან მუხთარლის ცოლი, ლეილა მუსტაფაევა ადვოკატებთან ერთად მუხთარლის თბილისიდან გატაცების საქმის გამოძიებას მთავარ პროკურატურას უშედეგოდ სთხოვდა.

საპროკურორო საბჭოში გასაუბრებისას შოთაძემ ისიც დაადასტურა, რომ მთავარი პროკურორობის დროს ბიძინა ივანიშვილის სასახლეში მის ვანო ჩხარტიშვილთან და მამუკა ხაზარაძესთან მის შეხვედრას დაესწრო.

გენერალური პროკურორის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც უკვე ყოფილი მთავარი პროკურორი, შალვა თადუმაძე უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლედ გამწესდა.

კომენტარები