შოთაძე: ივანიშვილის შეხვედრას ხაზარაძესთან და ჩხარტიშვილთან შემთხვევით დავესწარი

ირაკლი შოთაძემ დაადასტურა, რომ მთავარი პროკურორობის დროს მამუკა ხაზარაძის, ვანო ჩხარტიშვილისა და ბიძინა ივანიშვილს შორის ივანიშვილის ბიზნესცენტრში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა. თუმცა, მისი თქმით, შეხვედრაზე მთავარი პროკურორის რანგში არ ყოფილა.

საპროკურორო საბჭოში გასაუბრებისას ამაზე კითხვა შოთაძეს ოთარ კახიძემ დაუსვა.

"დიახ, ვადასტურებ, ოღონდ მთავარი პროკურორის რანგში არ ვესწრებოდი. მეც ვიცი, რომ ეს ინფორმაცია გაჟღერდა, მოვისმინე, ასევე მოვისმინე არაადეკვატური პოზიციონირება ამ ფაქტთან დაკავშირებით. უპირველეს ყოვლისა, ამ შეხვედრაზე არ უნდა ვყოფილიყავი. შემთხვევით დაემთხვა ისე, რომ იმ პერიოდში, როდესაც შეხვედრა უნდა ყოფილიყო ბატონ ბიძინა ივანიშვილთან, მე აღმოვჩნდი იქ.

შესაბამისად, შეიქმნა უხერხულობა და მე უბრალოდ დავესწარი ამ შეხვედრას.

შეხვედრაზე რომ გაჟღერებულიყო ისეთი გარემოება, ან მომხდარიყო ისეთ ფაქტი, რასაც მე მივიჩნევდი, რომ ჩემი იქ დასწრება მიზანშეუწონელი იქნებოდა, მე დავტოვებდი ამ შეხვედრას. ეს შეხვედრა მიმდინარეობდა საკმაოდ მშვიდობიან, მეგობრულ გარემოებაში, საუბარი იყო კონკრეტულ დავის საგანზე, სამოქალაქო დავაზე.

მე შემთხვევით აღმოვჩნდი ამ შეხვედრაზე, რაც დასტურდება თვითონ მამუკა ხაზარაძის მონაყოლიდან, სადაც ის პირდაპირ ამბობს, რომ მე იქ ხმა საერთოდ არ ამომიღია, არავისზე ზეწოლა არ განმიხორციელებია, არავისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, არავინ მიწამებია არაადამიანურად.

მე ვიყავი მთავარი პროკურორი, ვიყავი პირად საკითხზე ბატონ ბიძინა ივანიშვილთან", - თქვა შოთაძემ.

ოთარ კახიძემ მას ჰკითხა, რა თანამდებობაზე იყო ამ დროს ბიძინა ივანიშვილი. შოთაძემ უპასუხა, რომ არ ახსოვს.

"არ მახსოვს, რა თანამდებობაზე იყო [ივანიშვილი], ეს იყო კერძო შეხვედრა, რომელიც ეხებოდა გარკვეულ პროექტს, რომლის განხორციელებასაც ვფიქრობდი. შესაბამისად, ამ შეხვედრაში არანაირი მონაწილეობა არ მიმიღია და ხმაც არ ამომიღია“, - თქვა მან.

მისივე თქმით, შეხვედრის დეტალები არ ახსოვს და მხოლოდ ის დაამახსოვრდა, რომ „ამ შეხვედრის გამართვის გამო, ყველა მხარე იყო კმაყოფილი და მადლიერი”.

კახიძის კითხვაზე, რატომ იყო ივანიშვილთან ის, როგორც კერძო პირი, შოთაძე ამბობს, რომ თანამდებობაზე ყოფნისას ბევრ კერძო პირს ხვდებოდა. რაც შეეხება ივანიშვილთან შეხვედრას, მისი თქმით, მასთან კონკრეტული პროექტი განიხილა. თუმცა, მისივე თქმით, პროექტი პირდაპირ პროკურატურის საქმიანობას არ უკავშირდებოდა.

"ეს იყო კონკრეტულ პროექტზე, იურიდიული განათლების საკითხზე, რასაც შესაძლოა, მართლმსაჯულებისთვის ხელი შეეწყო. მართლმსაჯულების სფეროში განათლების კუთხით გარკვეულ სასწავლო დაწესებულების, სასწავლო კურსების შემოღების საკითხზე.".

კითხვაზე, რატომ უთანხმებდა პროექტს ივანიშვილს, შოთაძემ თქვა, რომ "ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელიც ხშირ შემთხვევაში აფინანსებს გარკვეულ პროექტებს და სწორედ ამ მიზნით იყო საუბარი".

კახიძემ ასევე ჰკითხა შოთაძეს, როგორ დაესწრო ივანიშვილთან შეხვედრას მოქმედი მთავარი პროკურორი, როგორც კერძო პირი.

"არასამუშაო დღეებში არ შეიძლება მოხდეს ასეთი შეხვედრები? როცა მის სამსახურეობივ უფლებამოსილებას არ ეხება ეს ყველაფერი. თქვენ არ ხართ სააკაშვილთან შეხვედრაზე ნამყოფი?", - თქვა შოთაძემ პასუხად.

TBC ბანკის დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ ტვ პირველის ეთერში 2013 წლის 19 სექტემბერს მისი, ვანო ჩხარტიშვილის და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა გაიხსენა და თქვა, რომ "ივანიშვილი საქმეს არჩევდა". მისივე თქმით, შეხვედრას მაშინდელი მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე ესწრებოდა.

ხაზარაძემ განაცხადა, რომ ივანიშვილს უნდოდა, ხაზარაძეს ჩხარტიშვილისათვის ფული გადაეხადა.

რას ყვებოდა ხაზარაძე, ვრცლად წაიკითხეთ აქ.

ირაკლი შოთაძეს საქართველოს მთავარ პროკურორად დაბრუნება სურს. მისი კანდიდატურა ტექნიკურმა უნივერსიტეტმა წარადგინა. საპროკურორო საბჭოში შოთაძეს დილიდან უსმენენ.

ირაკლი შოთაძე საქართველოს მთავარი პროკურორის პოსტიდან 2018 წლის მაისში, ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმის გამო დაწყებული აქციების შემდეგ გადადგა, მას შემდეგ, რაც სასამართლომ დაადგინა, პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დავით სარალიძის მკვლელი არ გამოიკვეთა. მოგვიანებით ხორავას ქუჩის საქმის საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამაც პროკურატურის მიერ დარღვევების მთელი რიგი გამოავლინა.

შოთაძე თანამდებობიდან 2015 წლის 27 ნოემბრიდან იკავებდა.

მისი მთავარი პროკურორობის პერიოდს უკავშირდება ციანიდის საქმე, ასევე აფგან მუხთარლის გატაცება - აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, რომელიც 2 წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა და მუშაობდა, 2017 წლის 29 მაისს გაიტაცეს, რის შემდეგაც აზერბაიჯანში დააკავეს. ბაქოს სასამართლომ მას პატიმრობა მიუსაჯა.

მოგვიანებით მუხთარლიმ თქვა, რომ ის თბილისიდან კრიმინალური პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა გაიტაცეს. აფგან მუხთარლის ცოლი, ლეილა მუსტაფაევა ადვოკატებთან ერთად მუხთარლის თბილისიდან გატაცების საქმის გამოძიებას მთავარ პროკურატურას უშედეგოდ სთხოვდა.

გენერალური პროკურორის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც შალვა თადუმაძე უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლედ განწესდა.

კომენტარები