"შოთაძის დაბრუნება დანაშაულია", - აქცია გენერალურ პროკურატურასთან

"შოთაძის დაბრუნება დანაშაულია", - საპროკურორო საბჭოში ირაკლი შოთაძესთან გასაუბრების პარალელურად გენერალურ პროკურატურასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

პროკურატურასთან არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ირაკლი შოთაძის გენერალური პროკურორობის კანდიდატურას აპროტესტებს. 

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ირაკლი შოთაძესთან მიმდინარე გასაუბრებას ფორმალური ხასიათი აქვს და სწორედ შოთაძე დაიკავებს კვლავ გენერალური პროკურორის თანამდებობას.

ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ თუ პარლამენტში გენერალური პროკურორის კანდიდატად ირაკლი შოთაძე იქნება წარმოდგენილი, უმრავლესობა მას მხარს დაუჭერს. 

გენერალურ პროკურატურაში საპროკურორო საბჭომ ირაკლი შოთაძესთან გასაუბრება დაიწყო. გასაუბრება გენერალური პროკურორობის კანდიდატთან 11:00 საათზე დაიყო.

ირაკლი შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოს საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა 16 იანვარს წარუდგინა. 

სამართლის დარგის სპეციალისტებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა საპროკურორო საბჭოს ჯამში 17 კანდიდატი წარუდგინეს. 

ირაკლი შოთაძე საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობიდან 2018 წლის მაისში, ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმის გამო დაწყებული აქციების შემდეგ გადადგა. ის თანამდებობას 2015 წლის 27 ნოემბრიდან იკავებდა. 

გენერალური პროკურორის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც შალვა თადუმაძე უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლედ გამწესდა.

კომენტარები