ბრექსიტი

ჯონსონი ბრექსიტზე: არაჩვეულებრივი გარდამტეხი მომენტია

ბორის ჯონსონი
immigrationnews.co.uk

ევროკავშირის 47-წლიანი წევრობის შემდეგ 2020 წლის 31 იანვარს, ლონდონის დროით 23:00 საათზე დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი ოფიციალურად დატოვა. ზუსტად 23:00 საათზე ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა ბრექსიტის შემდეგ პირველი საჯარო განცხადება თავისი Twitter-ის გვერდით გაავრცელა: 

"ამაღამ ჩვენ ევროკავშირი დავტოვეთ - არაჩვეულებრივი გარდამტეხი მომენტი ამ ქვეყნის ცხოვრებაში. მოდით, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ყველა ის შესაძლებლობა რასაც ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლა მოიტანს - მოდით, მთელი გაერთიანებული სამეფოს პოტენციალი გამოვიყენოთ".

ევროკავშირის ოფიციალურად დატოვებამდე ერთი საათით ადრე დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა, მოქალაქეებს მიმართა და ბრექსიტს "ახალი ეპოქის განთიადი" უწოდა და განაცხადა, რომ ეს ღამე არა დასასრული, არამედ დასაწყისია. 

31 იანვარს ბრექსიტის აღსანიშნად დაუნინგის ქუჩა დიდი ბრიტანეთის დროშის ფერებში განათდა და ევროკავშირიდან გასვლის მომხრეების სახალხო ზეიმი მოეწყო. 

ევროკავშირის დატოვების მიუხედავად, თუმცა 2020 წლის განმავლობაში გარდამავალი პერიოდი იმოქმედებს. 

29 იანვარს ევროპარლამენტმა ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის შეთანხმებას მხარი დაუჭირა. შეთანხმებას მხარი 621 დეპუტატმა დაუჭირა, საწინააღმდეგო პოზიცია 49 პარლამენტარმა დააფიქსირა, ხოლო 13-მა დეპუტატმა პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა. 

ევროკავშირის შემადგენლობიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის შესახებ რეფერენდუმი 2016 წლის 23 ივნისს ჩატარდა. ამომრჩეველთა 52%-მა ხმა ევროკავშირის დატოვებას მისცა.

კომენტარები