ბრექსიტი

ტერეზა მეიმ კონსერვატიული პარტიის ლიდერის თანამდებობა ოფიციალურად დატოვა

BBC

7 ივნისს ტერეზა მეიმ კონსერვატიული პარტიის ლიდერობა ოფიციალურად დატოვა, თუმცა ის პრემიერმინისტრად რჩება მანამ, სანამ მის შემცვლელს არ აირჩევენ.

მან ამის შესახებ ოფიციალური წერილი კონსერვატიული პარტიის წევრებს 7 ივნისს მიწერა, გადადგომის შესახებ განცხადებიდან ორი კვირის შემდეგ.

კონსერვატიული პარტიის ახალ ლიდერს 22 ივლისს აირჩევენ.

დევიდ კამერონის შემდეგ მეი თითქმის 3 წელი იკავებდა პრემიერმინისტრობის თანამდებობას. 2016 წლის ბრექსიტის რეფერენდუმში მან დარჩენას დაუჭირა მხარი.  

24 მაისს მეიმ დაუნინგ სთრითზე თქვა, რომ ყოველთვის დასანანი იქნება, ბრექსითი მან რომ ვერ მოიტანა. მეის თქმით, ახალი პრემიერმინისტრის არჩევა "ქვეყნის საუკეთესო ინტერესებში შედიოდა". 

აღსანიშნავია, რომ ტერეზა მეი გეგმავდა პარლამენტს ბრექსითის გეგმა ხელახლა ივნისის დასაწყისში წარედგინა, თუმცა მისივე პარტიაში გეგმა დაიწუნეს. მან მხარდაჭერა ვერც ლეიბორისტულ პარტიაში მოიპოვა.

მას შემდეგ, რაც მეისა და ბრიტანეთის ლეიბორისტულ პარტიას შორის ბრექსითის გეგმაზე მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა, მეი გეგმის მხარდასაჭერად კანონმდებლების მისამხრობად რამდენიმე დათმობაზე წავიდა. დათმობებს შორის იყო პარლამენტში მთავრობის მიერ შემუშავებული ბრექსითის გეგმაზე ხელახალი რეფერენდუმის ჩატარებაზე კენჭისყრის დაპირება, კენჭისყრა საბაჟო კავშირის თაობაზე (რომელიც მოიცავს მეის შეთავაზებას დროებით საბაჟო კავშირის შესახებ), 2020 წლამდე ე.წ. "ბექსტოპზე" ალტერნატიული შეთანხმების მიღწევის ვალდებულების აღება.

თემთა პალატის ლიდერმა, ანდრეა ლიდსომმა პარლამენტში ბრექსითის ამ კანონპროექტის წარდგენაზე უარი თქვა და თანამდებობა დატოვა.

ამის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კონსერვატიული პარტიის წევრები პარტიის ხელმძღვანელობას წესების შეცვლას სთხოვდნენ, რათა მეისთვის უნდობლობა გამოეცხადებინათ. ვინაიდან მეიმ უნდობლობა გასული წლის დეკემბერში დაძლია, პარტიის არსებული წესებით მას უნდობლობას 12 თვის მანძილზე ვეღარ გამოუცხადებდნენ.

წარსულში ტერეზა მეიმ თქვა, რომ თანამდებობას მხოლოდ მას შემდეგ დატოვებდა, რაც ბრექსითის პროცესს დაასრულებდა.

კანონით, გაერთიანებულ სამეფოს ევროკავშირი 2019 წლის 29 მარტს უნდა დაეტოვებინა. თუმცა, რადგან პარლამენტმა შეთანხმება სამჯერ ჩააგდო, ევროკავშირის ლიდერები ბრექსითის 31 ოქტომბრამდე გადადებას დათანხმდნენ.

ევროკავშირის ლიდერებმა აღნიშნეს, რომ ბრექსითის შეთანხმებაზე მოლაპარაკებები აღარ განახლდება.

კომენტარები