აქტივისტებმა პროკურატურასთან ირაკლი შოთაძის კანდიდატურა გააპროტესტეს

ევროპული საქართველოს ახალგაზრდულმა ფრთამ გენერალურ პროკურატურასთან აქცია გამართა.

ახალგაზრდები საპროკურორო საბჭოში ირაკლი შოთაძის კანდიდატურის წარდგენას აპროტესტებენ.

მათ პროკურატურასთან სიმბოლურად პლასტმასის დანები მიიტანეს. აქციის მონაწილეების თქმით, თუ ირაკლი შოთაძის კანდიდატურას ქართული ოცნება მხარს დაუჭერს და იგი მთავარიპროკურორის ადგილს კვლავ დაიკავებს, საპროტესტო აქციები გაგრძელდება.

"პროკურატურის უსაფრთხოების საბჭო ნიშნავს ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მთავარ პროკურორად, რაც კიდევ ერთი სამარცვინო ნაბიჯია, ჩვენ ამას არ დავუშვებთ. შოთაძის კანდიდატურაც კი ძალიან მძიმე ნაბიჯია ქართული ოცნების მხრიდან მოსახლეობისადმი", - ამბობს აქციის მონაწილე.

ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ თუ პარლამენტში გენერალური პროკურორის კანდიდატად ირაკლი შოთაძე იქნება წარმოდგენილი, უმრავლესობა მას მხარს დაუჭერს.

ირაკლი შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოს საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა 16 იანვარს წარუდგინა. 

სამართლის დარგის სპეციალისტებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა საპროკურორო საბჭოს ჯამში 17 კანდიდატი წარუდგინეს. 

ირაკლი შოთაძე საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობიდან 2018 წლის მაისში, ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმის გამო დაწყებული აქციების შემდეგ გადადგა. ის თანამდებობას 2015 წლის 27 ნოემბრიდან იკავებდა. 

გენერალური პროკურორის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც შალვა თადუმაძე უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლედ გამწესდა. 

 

კომენტარები